რიცხვები არ ტყუიან? ფელაინი იაია ტურეს წინააღმდეგ მანჩესტერულ დერბიში
ალბათ ყველა, ვინც გუშინდელ მანჩესტერულ დერბის მიადევნა თვალი, დარწმუნებულია, რომ “ქალაქელთა” კოტ-დიუარელმა ნახევარმცველმა იაია ტურემ “იუნაიტედის” ბელგიელ შუახაზელს ყველა კომპონენტში აჯობა, თუმცა…თუმცა ინგლისელი სტატისტიკოსები, რომლებიც როგორც წესი ყველაფერს ზედმიწევნით ითვლიან და მითუმეტეს ბოლო წლებში ამაში თანამედროვე ტექნოლოგიებიც უწყობთ ხელს, სულ სხვა რამეს ამბობენ,
ფელაინიმ გუშინდელ მატჩში უფრო მეტი პასი გააკეთა, ვიდრე მისმა აფრიკელმა ვიზავიმ და უფრო მაღალი ზუსტი პასის კოეფიციენტიც ჰქონდა, თანაც როგორც საკუთარ, ისე მეტოქის ნახევარზე.
აქვე აღვნიშნოთ, რომ “იუნაიტედის” ბურთის ფლობამ საბოლოოდ 58% შეადგინა, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ “ეშმაკები” აქედან ვერაფერს გამორჩნენ, პირიქით “სიტის” სწრაფ იერიშებს ვერაფერი დაუპირისპირეს და მხოლოდ პრესტიჟის გოლით დაიმშვიდეს თავი.
სტატისტიკა:
იაია ტურე: გოლი:1 პასი: 52 პასის სიზ: 86.5% მეტოქის ნახ.ზუსტი პასი: 28
მარუან ფელაინი: გოლი:0 პასი: 65 პასის სიზ: 92.3% მეტოქის ნახ.ზუსტი პასი: 46
მოედანზე საშუალო სათამაშო პოზიციებზე (ფეხბურთელების ნომრების მიხედვით) ნათლად ჩანს, რომ “სიტი” მთელი გუნდით მოედნის ცენტრზეა აქცენტირებული, მაშინ როცა “იუნაიტედი” მკაცრად იცავს მოიესის მიერ არჩეულ 4-4-2 განლაგებას.
“მანჩესტერის” მცველები კრის სმოლინგი (12) და პატრის ევრა (3) ძირითად დროს მეტოქის ნახევარზე ატარებენ, მეტიც, ევრამ საშუალოდ უფრო წინ ითამაშა, ვიდრე “წითლების” ფლანგელმა შემტევმა ეშლი იანგმა (18).
მოედნის ცენტრში მხოლოდ ფელაინი (31) და ქერიქი (16) არიან, ყველაზე ახლოს მათთან “მანიუს” 2-მა შემტევმა დანი ველბეკმა (19) და უეინ რუნიმ (10) ითამაშეს, მაშინ როცა მათ წესით მეტოქის კართან ხიფათის შექმნაზე უნდა ეფიქრათ და ეს იმ დროს, როცა მოედნის ამ მონაკვეთში “სიტის” ერთბაშად 6 მოთამაშეა. (იხ. სურათი)
საპასუხოდ, მატია ნასტასიჩმა (33), რომელსაც ამ ყველაფერმა სივრცეები გაუხსნა, ძირითადი დრო მოედნის ცენტრში გაატარა, რამაც თავის მხრივ სამირ ნასრის (8) საშუალება მისცა ფაქტობრივად მესამე ფორვარდად ეთამაშა და ამით მოედნის შუაგულს “არაფერი მოკლებოდა”, სერხიო აგუეროსთან (16) და ალვარო ნეგრედოსთან (9) ერთად.
ძლიერმა ცენტრმა და ნასრის გათავისუფლებამ, ხოლო მანჩესტერის ფლანგის მცველების, ევრას და სმოლინგის წინ აწევამ, ძალიან დიდი სივრცე გაუხსნა ხესუს ნავასსა (15) და ალექსანდრ კოლაროვს (13), რამაც საბოლოოდ განაპირობა კიდეც “სიტის” ეფექტური ფლანგური გარღვევები.
ყოველივე ზემოთთქმულმა განაპირობა ის, რომ საბოლოო ჯამში “სიტის” ნახევარდაცვა ბევრად უფრო მობილური გახლდათ, ვიდრე “იუნაიტედის”. “პასების რუქაზე” ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფელაინიმ ჯამში უფრო მეტი პასი გააკეთა (ლურჯად მოკლე პასებია აღნიშნული, წითლად – გრძელი), მისი გადაცემების უმეტესობა მოედნის ფლანგებზე ნაწილდებოდა, ტურესი კი პირიქით -ცენტრში, არადა მაგალითისთვის, ეშლი იანგმა, რომელიც წესით ფელაინის ამ პასების მთავარი ადრესატი (ვალენსიასთან ერთად) უნდა გამხდარიყო და შეტევა გაეგრძელებინა, მოედანზე გატარებულ 52 წუთში მეტოქის ნახევარზე მხოლოდ 9 (!) ზუსტი პასი გააკეთა…
ასე რომ, თუ სტატისტიკის თანახმად, ფელაინიმ უფრო კარგად ითამაშა, ვიდრე იაია ტურემ, მაგრამ დევიდ მოიესის მიერ არჩეულმა ტაქტიკამ ეს ყველაფერი წყალში ჩაყარა, რამაც საბოლოო ჯამში გუშინდელი შედეგი განაპირობა.