რობერტ ლევანდოვსკი – ფეხბურთელი, რომელმაც იცის, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი
რობერტ ლევანდოვსკი ბოლო წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით. წლევანდელი სეზონი მისთვის განსაკუთრებული გამოდგა. პოლონელმა ფეხბურთელმა მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, სულ ახლახანს კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, მისი პირადი სტატისტიკა შეუდარებელია – 47 მატჩი, 55 გოლი.
ყველამ იცის, რომ ლევანდოვსკი ნამდვილი პროფესიონალია, ბევრს ვარჯიშობს და საკუთარ თავზე მუშაობს. თუმცა, საინტერესოა, დეტალურად, რას აკეთებდა და აკეთებს ის იმისათვის, რომ მუდამ ფორმაში იყოს, განვითარდეს და წარმატებას მიაღწიოს.
კვება
ბევრს უცნაურად მოეჩვენება, მაგრამ სადილობისას, ლევანდოვსკი ჯერ დესერტს მიირთმევს, შემდეგ კი სტარტერს. ეს მისი მეუღლის, ანა ლევანდოვსკას რჩევაა. ანა კვების ექსპერტია.
ძილი
ძილი ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი პროფესიონალი სპორტსმენებისათვის მნიშვნელოვანია. ძილი ხელს უწყობს აღდგენას, კუნთის ზრდას. ლევანდოვსკის შემთხვევაში განსაკუთრებულ ამბავთან გვაქვს საქმე. ძილის თერაპევტთან კონსულტაციის შემდეგ, პოლონელი თავდამსხმელი მხოლოდ მარცხენა მხარეს იძინებს, ამით ის საკუთარ ძლიერ, მარჯვენა ფეხს ზედმეტ დატვირთვას არიდებს.
კონცენტრაციის დონის გაზრდა
გამორჩეულ თავდამსხმელებს თამაშის დროს კონცენტრაციის დონე უმაღლეს დონეზე აქვთ. მათ დასწრებაზე უნდა ითამაშონ, აჯობონ მეტოქე გუნდის მცველებს და გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად მიიღონ. იმისათვის, რომ ლევანდოვსკიმ საკუთარი კონცენტრაციის დონე გაზარდოს, ის კომპიუტერიზებულ გონების ვარჯიშებს ასრულებს, კითხულობს წიგნებს და თავს არიდებს ვიდეო თამაშებს.
ცრურწმენა ჩვევად
ლევანდოვსკის ჰქონდა ცრურწმენა – მას მოედანზე პირველად მარცხენა ფეხი უნდა დაედგა. ფსიქოლოგთან მუშაობის შემდეგ, მან ეს ცრურწმენა ჩვევაში გადაზარდა.
იცის, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი
პოლონელს კარგად აქვს შესწავლილი საკუთარი ორგანიზმი. მან იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ გადაიტვირთოს. სწორედ ამიტომ, ის ტრავმას იშვიათად იღებს. მას შემდეგ, რაც ლევანდოვსკი ბუნდესლიგაში გადავიდა, ტრავმის გამო ზედიზედ სამ მატჩზე მეტი არასოდეს გამოუტოვებია.
ახალაზრდობაში ლევანდოვსკი მორცხვი და სხვებისთვის შეუმჩნეველი ბიჭი იყო. ივან ჯურჯევიჩი, რომელიც პოზნანის “ლეხში” მასთან ერთად თამაშობდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “როცა დასასვენებლად მივდიოდით, ის წიგნებს კითხულობდა. მაშინ უკვე ჩანდა, რომ რობერტი სხვებისგან განსხვავდებოდა და სურდა, ამ სამყაროში სხვებზე მეტი მიეღო.”
ბევრი წარმატებული ფეხბურთელისაგან განსხვავებით, ლევანდოვსკი საფეხბურთო ნიჭით გამორჩეული ბავშვი არ ყოფილა და არც ისეთ ქვეყანაში დაბადებულა, რომელიც დიდი საფეხბურთო ტრადიციებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ პირველი ასაკობრივი ნაკრები, რომელშიც ის გამოიძახეს, 19-წლამდე ნაკრები იყო. მას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ხშირად შეჰქონდა. “როცა პოლონეთი დავტოვე, ბევრი პოლონელი მამაკაცის მსგავსად, უამრავი კომპლექსი მქონდა. ვფიქრობდი: “მე პოლონეთიდან მოვდივარ და ყველაზე უარესი ვარ”, – განაცხადა “ლევანგოლსკიმ”.
ლევანდოვსკი განათლებაზე, ახალი ენის კარგად შესწავლასა და განვითარებაზე ყოველთვის ბევრს ფიქრობდა. როგორც ცნობილია, დორტმუნდის “ბორუსიაში” იგი პოლონელ თანაგუნდელებთან, იაკუბ ბლაშიკოვსკისთან და ლუკაშ პიშჩეკთან დისტანციას იცავდა. ის ფიქრობდა, რომ პოლონელებთან ხშირი ურთიერთობა მას გერმანული ენის შესწავლაში ხელს შეუშლიდა.
“ბაიერნში” პენალტების მთავარი შემსრულებელი ტომას მიულერი იყო. ლევანდოვსკი ვარჯიშის შემდეგ ბაზაზე რჩებოდა და პენალტების შესრულებაში დამატებით ვარჯიშობდა. საბოლოოდ, პეპ გვარდიოლა დარწმუნდა, რომ თერთმეტმეტრიანები სწორედ პოლონელს უნდა დაერტყა. “ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელსაც შევხვედრილვარ. ის ფიქრობს საკუთარ მარჯვენა ფეხზე, ძილზე. 24 საათის განმავლობაში ვარჯიშობს”, – თქვა გვარდიოლამ.
მწვრთნელებთან ურთიერთობა
რთული მოსაძებნია ისეთი მწვრთნელი, ვისთანაც ლევანდოვსკის კონფლიქტი ჰქონდა. კლოპმა მას გახსნის საშუალება მისცა. კლოპოსთან მუშაობის დროს, ის 10 ნომრის როლსაც ხშირად ირგებდა. გვარდიოლამ, ტაქტიკურად, უფრო დახვეწა, ასწავლა დროული მოქმედება და უბურთოთ სწორად მოძრაობა. ანჩელოტიმ ასწავლა, როგორ უნდა დაესვენა, ჰაინკესთან მუშაობის დროს კი უფრო დისციპლინირებული გახდა.