რობერტო კარლოსმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა ბრიტანული Daily Mail-ისათვის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს, რომელიც ამჟამად თურქული “აქხისარ ბელედიესპორის” მთავარი მწვრთნელია, ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული.
მეკარე
იკერ კასილასი
“ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ფეხბურთის ისტორიაში. მან “რეალთან” ერთად არაერთი ტიტული მოიგო. როცა 19 წლის მეკარე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებ, ეს უდიდესი წარმატებაა.”
მცველები
კაფუ
“მასთან ერთად ბრაზილიის ნაკრებში ბევრი მატჩი მაქვს ჩატარებული. ჩემი კარიერის განმავლობაში, ვინც მინახავს, ის საუკეთესო მარჯვენა მცველია. ვფიქრობ, ყველა დროის ხუთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის, კაფუ ერთ-ერთი უნდა იყოს.”
პაოლო მალდინი
“მის წინააღმდეგ ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” რიგებში მითამაშია. მალდინი ყოველთვის მშვიდად გამოიყურებოდა და ვფიქრობ, როცა შენს გვერდით ასეთი მცველია, ეს დიდი პლუსია.”
ფაბიო კანავარო
“რამდენი მცველი გინახავთ ისეთი, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა? ფაბიომ ეს მოახერხა და ცხადია, ამით ყველაფერი ნათქვამია.”
რობერტო კარლოსი
“სიმბოლურ ნაკრებში ჩემი თავიც შევიყვანე. ვფიქრობ, შემტევ ფეხბურთელებს ჯარიმების შესრულებაში კონკურენტი სჭირდებათ.”
ნახევარდაცვა
კლარენს ზეედორფი
“განსაკუთრებული ფეხბურთელი თუ არ ხარ, ჩემპიონთა ლიგას სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით ვერ მოიგებ. კლარენსი ნამდვილი ლიდერია, რომელიც ყოველთვის მზადაა იმისათვის, რომ რჩევა მოგცეს. ის გამორჩეული ფეხბურთელი და გამორჩეული ადამიანია.”
კლოდ მაკელელე
“როცა მაკელელეს გვერდით თამაშობ, მშვიდად ხარ. თუ შეცდომას დაუშვებ, იცი, რომ მაკელელეს მისი გამოსწორება შეუძლია. კლოდის ჩვენი გუნდიდან წასვლა, დიდი დანაკლისი იყო.”
ზინედინ ზიდანი
“ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის, რასაც ზიზუ ბურთით აკეთებდა, არასოდეს დამავიწყდება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისი თანაგუნდელი ვიყავი.”
თავდასხმა
რონალდინიო
“მას ჯადოსნური ფეხი აქვს. შეუძლია, გააკეთოს ფინტი, არაფრისგან შექმნას საგოლე მომენტი და გაიტანოს გოლი.”
ლუიშ ფიგუ
“ის ძალიან კარგი იყო. როცა ფიგუ “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, ბევრ პრობლემას მიქმნიდა. შემდეგ, მან კონტრაქტი “რეალთან” გააფორმა და ეს ძალიან გამიხარდა, მაგრამ მალე იმასაც მივხვდი, რომ ვარჯიშებზეც ბევრი პრობლემა შემექმნებოდა.”
რონადლო
“დაიბადა იმისათვის, რომ გოლები გაიტანოს. მას შეუძლია მეტოქის კარი ნებისმიერ სტილში დალაშქროს. ის შესანიშნავი მეგობარი და ყველაზე სრულყოფილი თავდამსხმელია, რომელიც ჩემი ცხოვრების განმავლობაში მინახავს.”