რობინ ვან პერსიმ გატანილი გოლი ყოფილი თანაგუნდელის წინ აღნიშნა (ვიდეო)
5 თებერვალს, თურქეთის თასზე ერთმანეთს “ბეშიქთაში” და “ფენერბახჩე” დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. მსაჯმა ექვსი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი აჩვენა.
მატჩის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე “ფენერბახჩეს” კაპიტანმა, რობინ ვან პერსიმ გაიტანა. ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა გატანილი გოლი ყოფილი თანაგუნდელის, ოგუზღან ოზიაკუპის წინ აღნიშნა.
ოზიაკუპი 2008 წლიდან 2012 წლამდე “არსენალში” ირიცხებოდა და შესაბამისად, ვან პერსისთან ერთად თამაშობდა. თურქმა ნახევარმცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ სწორედ ვან პერსიზე ისაუბრა.
“მოედანზე მომხდარ ინციდენტზე ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი… მე და ვან პერსი კარგი მეგობრები ვიყავით, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა. ზოგჯერ მოედანზე ადამიანის ნამდვილი სახე ჩანს”, – ციტირებს ოზიაკუპის სიტყვებს Goal.Com.