როდის გადაუხდის „დინამო ბათუმი“ სტიუარდებს ხელფასს – ზოგიერთს 3 წელია თანხა არ მიუღია
სააგენტო „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდები, რომლებიც ბათუმის ახალ სტადიონზე გამართული საფეხბურთო მატჩების დროს წესრიგსა და უსაფრთხოებას იცავენ, კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ. ამ ინფორმაციას „დინამო ბათუმში“ ადასტურებენ.
სტიუარდის ანაზღაურება ერთი თამაშის განმავლობაში 25 ლარია, რომელსაც საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი ერიცხება. სტიუარდი ვალდებულია თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე მივიდეს სტადიონზე და საფეხბურთო მატჩის დასრულებამდე დარჩეს.
სტიუარდები მთელი თამაშის განმავლობაში მოედნისკენ ზურგშექცევით დგანან და გულშემატკივრების ქცევას ადევნებენ თვალ-ყურს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდთა ნაწილს 2019 წელს გამართული მატჩების ანაზღაურებაც კი არა აქვთ აღებული (ამ დროს საფეხბურთო მატჩების ანგისის სტადიონზე იმართებოდა), ნაწილს კი მიმდინარე თამაშების.
სტიუარდების მიმართ არსებულ დავალიანებას აღიარებენ საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმში“.
კლუბის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კლუბი აღიარებს დავალიანების არსებობას და მას ეტაპობრივად დაფარავს.
„არსებული ვალის შესახებ საქმის კურსში არიან. უახლოეს პერიოდში დაიფარება ახალი დავალიანება რაც არის. სავარაუდოდ მომდევნო თამაშამდე. რაც შეეხება 2019 წლის დავალიანებას, ეს დავალიანება ეტაპობრივად დაიფარება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ დინამო ბათუმის“ პრესსამსახურში.
სტიუარდები საფეხბურთო მატჩის განუყრელი ნაწილია. ეს ადამიანები მთელი თამაშის განმავლობაში იცავენ ფეხბურთელთა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.
Batumelebi.netgazeti.ge