როგორ ჩარჩა “მუდამ პერსპექტიული ჯანო ანანიძე რუსეთში?
27 წლის ჯანო ანანიძე, რომელიც წლებია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ქართველი ფეხბურთელია, 2009 წლიდან რუსეთში, მოსკოვის “სპარტაკში” თამაშობს. მის ანგარიშზე ამ დროის განმავლობაში 150 მატჩზე და 15 გოლზე მეტი დაგროვდა. ჯანო “მუდამ პერსპექტიულ” ფეხბურთელად ითვლებოდა და მის რუსეთში დარჩენას რამდენიმე განსაკუთრებული მიზეზი აქვს.
ხელფასი, რომელსაც ევროპაში ვერ მიიღებდა
ანანიძე მედიაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, წელიწადში 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რასაც ევროპაში ჯანო თავიდან ნამდვილად ვერ მიიღებდა.
ტრავმიანობა და ფიზიკური სისუსტე
რუსეთში, სუსხიან ამინდში, როცა ტემპერატურა ხშირად მინუს რამდენიმე გრადუსი გახლავთ, ჩვენებური თავისი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ანანიძეს რამდენიმე რთული ოპერაცია აქვს გადატანილი და ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა. შესაძლოა, ფიზიკური სისუსტე, რომელიც ნახევარმცველს კარიერის დაწყებიდან მთავარ პრობლემად ექცა, რომელიმე ევროპულ ჩემპიონატში დაებალანსებინა, მაგრამ როდის უნდა შედგეს ტრანსფერი, როდესაც მას ტრავმა აქვს?
კომფორტის ზონა – სტატიკური სტაბილურობა
ადამიანის ფსიქოლოგიური განწყობაა, თუ მას მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს მიმდინარე სიტუაცია, არ გარისკოს, მიიღოს საკმაოდ მაღალი ჰონორარი, გარკვეული სათამაშო დრო და შეჩვეული სტაბილურობა არჩიოს ახალ გამოწვევებს.
დღეს ანანიძე სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ რუსულ პრემიერ ლიგაში ასპარეზობა მაინც არ უწევს. ქართველი სათადარიგო სკამზე ყოფნით შემოიფარგლება და ცდილობს თურქეთის ჩემპიონატში გადავიდეს, რათა სათამაშო პრაქტიკა მაინც მიიღოს.
ანანიძეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ალბათ, პრაქტიკულად ბოლო შანსი ექნება რუსეთიდან წასვლის და დამტკიცების, რომ მეტი შეუძლია. რამდენიმე წლის წინ თუ უცხოურ პრესას დავეყრდნობით, მისით “არსენალი”, “სევილია”, “ვილიარეალი” და სხვა გამორჩეული გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი. მართალია, დღეს ეს კლუბები ინტერესს აღარ იჩენენ, თუმცა ჯანოს შეუძლია საშუალო დონის ევროპული ნავსაყუდელი მონახოს, მზიანი ამინდით, მისაღები ხელფასითა და სათამაშო სტილით, რომელიც მის ფეხბურთს შეეფერება.
“მუდამ პერსპექტიული” ახალგაზრდა ბიჭი უკვე 27 წლისაა.