როგორ ჩაუვარდა თითქმის შემდგარი ტრანსფერი „ლივერპულს“?
როგორც ცნობილია, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღე ნამდვილ სიგიჟეს ემსგავსება ხოლმე. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათით ადრე სავაჭროდ გამოსული ყველა კლუბის წარმომადგენელი გადარბენაზეა, სასწრაფო წესით ადგენენ დოკუმენტაციას და ამავე რეჟიმში აწერინებენ ხოლმე კონტრაქტზე ხელს ფეხბურთელებს.
ინგლისელები, როგორც წესი, ტრანსფერებზე ფულის დახარჯვას არც ზაფხულში ერიდებიან და არც ზამთარში. სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ დღეს „ლივერპულის“ ქომაგები დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ ნახევარმცველ ევგენი კონოპლიანკას დამატებას ელოდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის უკრაინელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და პირადი კონტრაქტის დეტალებსაც დათანხმდა. სატრანსფერო ფანჯარა უკვე იხურებოდა, ამიტომ ყველანი ჩქარობდნენ. მერსისაიდული გუნდი კონოპლიანკას სანაცვლოდ 16 მილონი ფუნტ სტერლინგს იხდიდა, მაგრამ ბოლო მომენტში „დნიპროს“ ხელმძღვანელობამ გარიგება დაბლოკა. უკრაინული კლუბის გადაწყვეტილებამ ინგლისური მხარე შოკში ჩააგდო. ჩაშლილმა ტრანსფერმა კონოპლიანკასაც დაწყვიტა გული და ბუნებრივია, „ლივერპულის“ ქომაგებსაც.
ბექა დოგრაშვილი