როგორ გააქარწყლა ჰენდერსონმა სერ ალექსის სიტყვები
გთავაზობთ Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეოთხე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „როგორ გააქარწყლა ჰენდერსონმა სერ ალექსის სიტყვები“.
ჯორდან ჰენდერსონი „სანდერლენდიდან“ „ლივერპულში“ 2011 წლის ზაფხულში გადავიდა. მაშინ ახალგაზრდა ინგლისელ ფეხბურთელს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, ბევრს ვერც წარმოედგინა, რომ ჰენდერსონი მერსისაიდულ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებდა, თუმცა მას შემდეგ თითქმის სამი წელიწადი გავიდა და ჯორდანი „წითლების“ ერთ-ერთ უცვლელ ფეხბურთელად გვევლინება. ბევრმა არ იცის, რომ ჰენდერსონის კარიერა შეიძლება სულ სხვაგვარად წარმართულიყო და ის „ენფილდის“ ნაცვლად, „ოლდ ტრაფორდზე“ აღმოჩენილიყო.
გასული წლის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგუსონმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელიც მალევე იქცა საფეხბურთო სამყაროში ბესტსელერად. სერ ალექსი წიგნში იხსენებს, რომ „სანდერლენდის“ მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა ჰენდერსონს ფერგიუსონთან რეკომენდაცია გაუწია, მაგრამ „წითელი ეშმაკების“ ყოფილმა დამრიგებელმა შემოთავაზებული წინადადება უარით გაისტუმრა. ფერგიუსონმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა, ჰენდერსონს ისეთ მიხრა-მოხრა აქვს, რომ შეიძლება მომავალში ტრავმული პრობლემები ჰქონდესო.
ჰენდერსონმა იხტიბარი არ გაიტეხა, პირიქით კი შეიძლება ითქვა, სერ ალექსის ეს სიტყვები შექებად მიიღო: „სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემთვის ერთგვარი კომპლიმენტი იყო. თუ წიგნის ამ მონაკვეთს კარგად წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ სტივ ბრიუსმა ჩემზე ძალიან დადებითად ისაუბრა, თუმცა სერ ალექსმა ჩემი სირბილის სტილის გამო უარი განაცხადა. მისი ასეთი დაინტერესება გამოვიწვიე, ესე იგი, რაღაცას სწორად ვაკეთებ და ვფიქრობ, ასეც უნდა გავაგრძელო.
„ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ფოკუსირება ჩემს თავზე უნდა მოვახდინო, რომ ფიზიკური სიმხნევე შევინარჩუნო. თუმცა, ვიმეორებ, რომ ფერგიუსონმა იცის, რასაც ამობობს“.
კონკრეტულად გავარკვიოთ, თუ რა დაწერა ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ჰენდერსონის სირბილის მანერასთან დაკავშირებით:
„ჯორდან ჰენდერსონს აქტიურად ვაკვირდებოდით, სტივ ბრიუსიც ძალიან აქებდა მას, მაგრამ მაინც უარი ვთქვით, რადგან შევნიშნეთ, რომ ის მუხლებითა და სწორი ზურგით დარბის, როცა თანამედროვე ფეხბურთელები სირბილის დროს ბარძაყებს იყენებენ. ვიფიქრეთ, რომ სირბილის ასეთ მანერას შესაძლოა, მომავალში პრობლემები გამოეწვია“.
საინტერესოა, რა იგულისხმა გამოცდილმა სერ ალექსმა ამ სიტყვებში და რამდენად მართალია ის. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ინგლისის ქალაქ ბათის უნივერსიტეტის ლექტორი, დოქტორი აკი სალო შეეცდება:
„აზრზე არ ვარ, სერ ალექს ფერგიუსონი რაზე ლაპარაკობს. კი ბატონო, თუ ადამიანი არასწორად დარბის, ამან შეიძლება რაიმე გავლენა იქონიოს, მაგრამ როგორც ფეხბურთში ასე თუ ისე ჩახედული კაცი, გეტყვით, რომ ფერგიუსონის მიერ აღწერილი ჰენდერსონის სირბილის მანერა ასეთი აღსანიშნავია ნამდვილად არ არის“.
ჰენდერსონთან ერთად 2011 წელს „ლივერპულში“ ენდი კეროლი, სტიუარტ დაუნინგი და ჩარლი ადამი მოვიდნენ, რომელთა სანაცვლოდაც „ენფილდროუდელთა“ მეპატრონეებმა საკმაოდ მსუყე თანხა გაისროლეს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ჯორდანი შემორჩა „ენფილდს“.
ჰენდერსონის პროგრესი აშკარაა, რაზეც ციფრებიც მეტყველებს. თუ 2011 წლის სექტემბერში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (0:4) ინგლისელი ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ 46-ჯერ ჩაერთო თამაშში, 2013 წლის დეკემბერში იმავე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ შემდგარ შეხვედრაში (5:0) მან ეს მაჩვენებელი 78-ზე აიყვანა, პლუს გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე გადაცემა. სათქმელია, რომ აღნიშნულ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო სტივენ ჯერარდმა, თუმცა მისი ფუნქციები მშვენივრად იკისრა ჰენდერსონმა.
როცა ჯერარდს ადარებენ, ჰენდერსონს ეცინება და ამბობს: „არა მგონია, რომ ოდესმე მეორე სტივენ ჯერარდი გავხდე“.
„ლივერპულმა“ ჰენდერსონის სანაცვლოდ თავის დროზე 16 მილიონი ფუნტი გაიღო. მაშინ ეს გადაჭარბებულ თანხად მიაჩნდათ, თუმცა დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არ ყოფილა წყალში გადაყრილი ფული.
„ახალ გუნდთან შეგუებას ყოველთვის სჭირდება დრო. აქ მოვედი იმ კლუბიდან, რომლის რიგებშიც შვიდი წლის ასაკიდან ვირიცხებოდი. ახალ გუნდში მოსულს შენი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა გიწევს. ხანდახან ვგრძნობდი, რომ ამ სირთულეების გაძლება შემეძლო, ხანდახან კი – ვერა. „ლივერპულთან“ ერთად გატარებულ პირველ სეზონში ვერ ვაჩვენე ის შესაძლებლობები, რასაც საკუთარი თავისგან მოველოდი. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს და ასე იყო მაშინაც. როდესაც ხალხი გაკრიტიკებს და გეუბნება, რომ შენ „ლივერპულში“ თამაშის ღირსი არ ხარ, ეს მოტივაციას გძენს, გიჩნდება ჟინი, რომ მათი სიტყვები გააქარწყლო. ეს ყველაფერი ისევ შენთვისაა სასიკეთო, ფსიქოლოგიურადაც უფრო ძლიერდები“, – ამბობს 23 წლის ნახევარმცველი.
„ლივერპულის“ თავკაცის პოსტზე ბრენდან როჯერსი დაახლოებით 20 თვის წინათ დაინიშნა. მაშინ ბევრი ვარაუდობდა, რომ ჰენდერსონს კეროლის, დაუნინგისა და ადამის ბედი ეწეოდა და ისიც აბარგდებოდა „ენფილდიდან“. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონური „ფულემიც“ იჩენდა. როჯერსმა ჰენდერსონს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა, ჯორდანმა დარჩენა გადაწყვიტა. ამან ახალ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთბა განამტკიცა.
„მწვრთნელთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მან ზუსტად მითხრა, განვითარებისთვის თუ რა თვისებები უნდა გამომემუშავებინა. გარანტიას ვერ მომცემდა, რომ ყოველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი, მაგრამ მგონია, რომ მასაც სურდა გუნდში ჩემი დარჩენა. გადაწყვეტილება ადვილად მივიღე, საკუთარ თავს რწმენა გამოვუცხადე. ბრენდანი ძალიან დამეხმარა. ახლა უკან ვიყურები და ვხვდები, რაოდენ დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ. მაშინ ტაქტიკური თვალსაზრისით ბევრი რამ ვისწავლე: გავიგე, როდის უნდა დავიცვა გუნდი, როდის შევუტიო, როდის მივმართო პრესინგს. მანამდე ყველგან სირბილი მინდოდა, მაგრამ ახლა მატჩის დროს უფრო მეტს ვფიქრობ“, – დაამატა ჰენდერსონმა.
ბექა დოგრაშვილი