როგორ უგებს “დინამო ბათუმი” “დინამო თბილისს” ტრანსფერებში?
ბათუმის “დინამო” მოლაპარაკებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან, ჯანო ანანიძესთან აწარმოებს. თუ ანანიძესთან შეთანხმება შედგა, მაშინ ეროვნული ნაკრების უკვე 3 ფეხბურთელი (ნავალოვსკი, ჯიღაური) იქნება ბათუმში წარმოდგენილი.
როგორი სატრანსფერო სტრატეგია აქვს ბათუმს არჩეული? გუნდი იმატებს მხოლოდ კვალიფიციურ ქართველ ფეხბურთელებსა და ლეგიონერებს.
გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს “დინამომ” ნიგერიის ნაკრების გამოცდილი მცველი, გოდფრი ობოაბონა, ახალგაზრდა ჟულისიუსი, ვაგნერ გონსალვეში და ეროვნული ლიგის საუკეთესო საყრდენი, მათე ცინცაძე დაიმატა. კლუბს ბრაზილიელი რეინალდოც შეუერთდა, რომელმაც აზერბაიჯანში 88 მატჩში 48 გოლი გაიტანა.
“დინამოში” ელიგის ყველაზე გამორჩეული ლეგიონერი ჯოვინო თამაშობს. მეორე ბრაზილიელი გაბრიელ რამოსი ბათუმიდან სეზონის დაწყების წინ ბელარუსში წავიდა და ბელარუსში აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
თუ ანანიძესთან მოლაპარაკება წარმატებულად დასრულდა, მაშინ გუნდში შემდეგი შემადგენლობა შეიკრიბება: ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – ცინცაძე, მამუჩაშვილი, ჯიღაური, ანანიძე – ჯოვინო, რეინალდო
თავის მხრივ, თბილისის “დინამო” ბოლო 10 წელია უმეტესად ფეხბურთელების გაყიდვით და უსახური ლეგიონერების ჩამოყვანით არის დაკავებული. თბილისელთა რიგებში ნაკრების რამდენიმე კანდიდატია და ლეგიონერებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ხოსე პერალესს თუ გამოვარჩევთ. ამ 10 წლის განმავლობაში 50-ზე, 60-ზე მეტი ისეთი ლეგიონერი ყოფილა “დინამოში”, რომლებთაც პრაქტიკულად არაფერი გამოსვლიათ, სამაგიეროდ კარგი ანაზღაურება მიუღიათ.
ფაქტია, ბათუმის “დინამოს” ხელმძღვანელობა თბილისის “დინამოზე” უფრო პროფესიონალურად და მონდომებით მუშაობს. ინარჩუნებს გუნდის ძირითად ბირთვს, იმატებს მხოლოდ კვალიფიციურ ფეხბურთელებსა და ნაკრების წევრებს. ანანიძის გადაბირებით გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონობისკენ და ევროთასებზე წარმატებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ცალკე ფაქტორია გია გეგუჩაძეც. ჯერჯერობით, საფეხბურთო ამინდის პროგნოზი ბათუმში უფრო მზიანია.