როგორ უნდა გათავისუფლდეს სონი სამხრეთ კორეის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან?
“ტოტენჰემის” ვარსკვლავი, 26 წლის სონ ჰინ მინი, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგის საწყის ტურებს გამოტოვებს, ამის მიზეზი სამხრეთ კორეის ნაკრებია.
წელს ინდონეზიაში აზიური თამაშები გაიმართება, რომელშიც 20 ქვეყნის სპორტსმენები სხვადასხვა სახეობებში იასპარეზებენ. სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები ტურნირში მონაწილეობისათვის ემზადება. ნაკრებები 23-წლამდე ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდნენ, თუმცა განაცხადში სამი ისეთი მოთამაშის შეყვანაა შესაძლებელი, რომელთა ასაკიც 23 წელზე მეტია.
რატომ ითამაშებს სონ ჰინ მინი ინდონეზიაში, როცა მან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე უკვე ითამაშა? ამ კითხვას პასუხი აქვს, რომელიც ყველასათვის საინტერესოა.
როგორ უნდა აარიდოს სონმა თავი სამხრეთ კორეის სამხედრო სავალდებულო სამსახურს?
აზიური თამაშები 10 აგვისტოს დაიწყო და 1 სექტემბერს დასრულდება. ტურნირი პრემიერ ლიგის საწყის ტურებს ემთხვევა.
სამხრეთ კორეაში მამაკაცები ვალდებულები არიან, სანამ 27 წლის ასაკში 21-თვიანი სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარონ. სონი 26 წლისაა და მას მომავალ წელს სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწევს… თუმცა, თუ სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრები აზიურ თამაშებს მოიგებს, მაშინ ნაკრების წევრები სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლდებიან. ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალი საკმარისი არ არის – მხოლოდ ოქრო!
“სამწუხაროდ, გარკვეული დროის განმავლობაში “ტოტენჰემთან” ერთად ვერ ვიქნები, რისთვისაც მწვრთნელსა და ჩემს თანაგუნდელებს ბოდიშს ვუხდი. დარწმუნებული ვარ, ჩემს არყოფნაში გუნდი წარმატებულად ითამაშებს. მნიშნელოვანია, აზიური თამაშებიდან “ტოტენჰემს” კარგ ფორმაში დავუბრუნდე”, – უთხრა სონმა Goal.Com-ს.
თუ სონი ინდონეზიაში გაემგზავრება, მაშინ ის “ნიუკასლის”, “ფულჰემის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “უოტფორდის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.
აზიურ თამაშებზე, საფეხბურთო ტურნირის ფავორიტები იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები არიან. ტურნირი ხუთი რაუნდისგან შედგება – ჯგუფური ეტაპი, მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.