როგორ უპასუხა “პუშკაშ არენამ” ევროპულ გამოწვევებს? (ფოტოები)
პანდემიის ფონზე მსოფლიო ფეხბურთის ევროპის მთავარ ეპიცენტრად “პუშკაშ არენა” იქცა. გასულ წელს ამ სტადიონმა უეფას სუპერთასის მატჩს უმასპინძლა, წელს კი ინგლისური კლუბების შეხვედრებს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ეგიდით.
ყველაფერი სუპერთასის მატჩით დაიყწო. ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა, მიუნხენის “ბაიერნმა” ევროპა ლიგის გამარჯვებული “სევილია” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ზამთარში დიდი ქვეყნების უმრავლესობამ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის გამო, მათ საზღვრები ჩაუკეტა. ამ მიზეზით ინგლისურ კლუბებს ევროსარბიელზე გასამართი მატჩების ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება მოუწიათ.
გამომდინარე იქიდან, რომ უნგრეთს სხვა ქვეყნების მსგავსად ასეთი მკაცრი ზომები არ მიუღია, “ტოტენჰემმა”, “ლივერპულმა” და “მანჩესტერ სიტიმ” ნეიტრალურ სტადიონად სწორედ ბუდაპეშტში მდებარე აირჩიეს.
“პუშკაშ არენაზე” გამართული მატჩების ორგანიზატორებმა სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს და სტადიონის იერსახეს ნომინალური მასპინძლის დიზაინის შესაბამისად ცვლიდნენ. მაგალითად, ასე გამოიყურებოდა ბუდაპეშტის მთავარი სტადიონი “ლაიფციგსა” და “ლივერპულს” შორის გასამართ მატჩამდე.
ავსტრიული “ვოლფსბერგერის” მასპინძლობისას “პუშკაშ არენა” წითელ, თეთრ და მწვანე ფერებში განათდა. თუმცა, ამან გურამ გიორბელიძესა და ლუკა ლოჩოშვილის გუნდს ვერ უშველა და “ვოლფსბერგერი” “ტოტენჰემთან” ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
ბუდაპეშტის არენა მწვანე ფერით მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ნომინალური მასპინძლობისა და პატივისცემის ნიშნად შეიფერა. მაგრამ არც “გლადბახს” არგო ამ ჟესტმა რამე. გერმანელები ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ “მანჩესტერ სიტისთან”.
“ლივერპულსა” და “ლაიფციგს” შორის გამართული განმეორებითი მატჩიც ბუდაპეშტში გაიმართა, რადგანაც ბრიტანეთში სტუმრობის შემთხვევაში გერმანული კლუბის წევრებს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევდათ. “ლივერპულმა” ბუდაპეშტში “ლაიფციგს” ორივე მატჩი ანგარიშით 2:0 მოუგო.
“მანჩესტერ სიტიმ” “ბორუსიას” ანალოგიური მიზეზების გამო “პუშკაშ არენაზე” უმასპინძლა. ანგარიში ისეთივე გახლდათ, როგორც “ლივერპულის” შემთხვევაში – 2:0 ორივე მატჩში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ უნგრეთში მდებარე სტადიონი 2019 წლის შემოდგომას გაიხსნა. აქ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩები უნდა გამართულიყო. არენას სახელი ფერენც პუშკაშის პატივსაცემად დაერქვა. “პუშკაშ არენაზე” არცერთი უნგრული კლუბი არ თამაშობს, მხოლოდ უნგრეთის ნაკრები.
პუშკაშის სახელობის სტადიონი ბუდაპეშტში 1953 წელსაც გაიხსნა. გახსნიდან ერთი წლის შემდეგ უნგრეთმა ინგლისი ანგარიშით 7:1 გაანადგურა. ეს ყველაზე დიდი მარცხი იყო “სამი ლომის” ისტორიაში. თუმცა, როგორც ჩანს, ინგლისელებს ახალი არენა უფრო მოსწონთ.