როგორ ვითამაშოთ სამმხრივი ფეხბურთი?
გთავაზობთ Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მესამე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „როგორ ვითამაშოთ სამმხრივი ფეხბურთი?“
სიტყვა „ბარდაგი“ ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბარბარიზმი იყო. მაშინ თბილისის ქუჩებში ფეხბურთის თამაში ყველას უნდოდა, მაგრამ მცირე ტერიტორიისა და მსურველთა ჭარბი რაოდენობის გამო, ეს ვერ ხერხდებოდა. თამაშობდნენ მხოლოდ საუკეთესოები, უკეთეს შემთხვევაში – საუკეთესოები და ბურთის პატრონი. მაშინ სამმხრივი ფეხბურთის აზრზე რომ ვყოფილიყავით, ალბათ, უფრო მეტი ითამაშებდა.
სამხრივი ფეხბურთი 90-იანი წლების დასაწყისში დანიელმა მხატვარმა ასგერ იორნმა გამოიგონა. თამაში მიმდინარეობს ექვსკუთხა მოედანზე და ერთდროულად სამი გუნდი მონაწილეობს. სამი კარი თითო გვერდის გამოტოვებით დგას. მატჩი სამი 12-წუთიანი ტაიმის განმავლობაში მიმდინარეობს და გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც ყველაზე ნაკლებ გოლს გაუშვებს.
ავტორმა სპორტის ასეთი სახეობის დანერგვის მთავარ იდეად ფეხბურთში არსებული ბიპოლარული დაპირისპირების შეცვლა და მასში ფილოსოფიური ასპექტის გაღრმავება მიიჩნია. ვარაუდობდნენ, რომ სამმხრივი ფეხბურთი სხვადასხვა ჯგუფებს შორის კომუნიკაციას ხელს შეუწყობდა. სპორტის ამ სახეობაში პირველი მატჩი 1993 წელს, გლაზგოში, ლონდონის ფსიქოგეოგრაფიულმა ასოციაციამ მოაწყო. სამმხრივ ფეხბურთს ძირითადად სხვადასხვა ფესტივალების დროს თამაშობენ. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ინგლისში, შოტლანდიაში, ავსტრიაში, სერბეთში, პოლონეთსა და ბელორუსიაში.