როგორი იყო ლიონელ მესის პასუხი, როცა მას მიხეილ მესხზე შეკითხვა დაუსვეს
2015 წლის 11 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქმა უეფას სუპერთასის მატჩს უმასპინძლა. თბილისში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 4:4 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი პედროს მიერ გატანილი გოლის წყალობით კატალონიელებმა გაიმარჯვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ ლიონელ მესიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას შეკითხვა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ მიხეილ მესხზეც დაუსვეს.
— თბილისი გახდა 25-ე ევროპული ქალაქი, სადაც გოლი გაიტანეთ. სუპერთასის მოგების გარდა, კიდევ რით იქნება ეს მატჩი დასამახსოვრებელი?
— ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს შინ ვთამაშობდით. კმაყოფილები ვართ.
— კარგად ითამაშეთ. ძირითად 90 წუთში მესამე გოლის გატანაც შეგეძლოთ. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ყველა მხარს გიჭერდათ — ორივე გუნდის გულშემატკივრები?
— ყველას დიდ მადლობას ვუხდი ამ მხარდაჭერისთვის.
— რამდენად არის განსხვავება საკლუბო და სანაკრებო ჯილდოებს შორის?
— ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება და რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაა. დღეს ჩვენ უეფას სუპერთასი მოვიგეთ და ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ტიტულია.
— მესი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში. გსმენიათ თუ არა 60-იან წლებში მოთამაშე მიხეილ მესხის შესახებ, რომელმაც არგენტინა აღტაცებაში მოიყვანა? გვარებშიც მსგავსებაა — მესი, მესხი…
— თამაში უცნაურად დაიწყო: ჯერ ვაგებდით, შემდეგ გავათანაბრეთ და დავწინაურდით კიდევაც. მეტოქე პრესინგს გვიწყობდა. საბედნიეროდ, ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. რაც შეეხება მესხს, სამწუხაროდ, მასზე არაფერი მსმენია.
— თქვენ ნამდვილად ხართ მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ შეხვედრა პედრომ მოიგო. რას ფიქრობთ მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ?
— კმაყოფილი ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი სწორედ პედრომ გაიტანა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი, თუმცა ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, პატივი უნდა ვცეთ მის პოზიციას და მხარი უნდა დავუჭიროთ.