როგორი სქემით ჩატარდება 48-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი
დღეს ფიფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 48 ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ 1998 წლიდან მუნდიალზე 24-ის ნაცვლად 32 გუნდი თამაშობდა.
საინტერესოა, როგორი ფორმატით ჩატარდება 48-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი.
ტურნირის ფინალურ ეტაპზე 48 გუნდი 16 ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ჯგუფში სამი ნაკრები იქნება და მომდევნო ეტაპზე ორი გუნდი გადავა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩატარდება მეთექსვსმეტედფინალი, შემდეგ კი კლასიკური სქემა: მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ბრძოლა მესამე ადგილისთვის და ფინალი.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მატჩების რაოდენობა 64-დან 80-მდე გაიზრდება, ტურნირის ხანგრძლივობა კი 32 დღე იქნება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებებისა და მატჩების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, ტურნირზე ერთი გუნდის მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრების მაქსიმუმი კვლავაც შვიდი მატჩი იქნება (2 მატჩი ჯგუფში და 5 პლეი-ოფში).
მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის კვოტა შესაძლოა, 13-დან 16 გუნდამდე გაიზარდოს. ამის შესახებ ოფიციალური ცნობა მოგვიანებით გამოქვეყნდება.