როჯერსი: „მოუთმენლად ველი ვან გალთან შეხვედრას“
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი თვლის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ კლუბის თავკაცის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, მერსისაიდული გუნდის დამრიგებელმა დევიდ მოიესის გათავისუფლების გამო სინანული გამოთქვა.
„პირველ რიგში, სამწუხაროა, რომ მოიესს შანსი არ მიეცა. მისი წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამოცდილი სპეციალისტი სჭირდებოდა. ვან გალი ამ პოსტისთვის იდეალური ვარიანტია. მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი მის მუშაობას. ის ყოველთვის აღწევდა წარმატებას. აქვს საკუთარი ხედვა და გაგება, თუ როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. ვან გალს ახალგაზრდებთან მუშაობაც ეხერხება. ჰოლანდიელის სტატუსი კლუბის ისტორიას შეესაბამება. მოუთმენლად ველი ვან გალთან შეხვედრას“, – განაცხადა ბრენდან როჯერსმა რადიოსადგურ „თოქსპორტის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.
ბექა დოგრაშვილი