“რომა” “ინტერთან” ფრეს გამორჩა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართა, სადაც “რომამ” მილანის “ინტერი” მიიღო. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, შეხვედრა იმთავითვე იქცევდა ყურადღებას. მილანელები მესამე პოზიციისთვის იბრძვიან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს იძლევა. მესამე ადგილზე სწორედ “რომა” გახლავთ, გუნდებს შორის სხვაობა კი 5 ქულას შეადგენს. მატჩი მოწყენის საშუალებას არ იძლეოდა, ვინაიდან თამაში მჭიდრო და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა, ბურთი “ნერიაძურის” ხორვატმა ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი თანამემამულე მარსელო ბროზოვიჩმა გაუკეთა. გაშვებული გოლის შემდეგ რომაელები ანგარიშის გათანაბრებას ბევრს ეცადნენ და საწადელს 84-ე წუთზე მიაღწიეს, როდესაც სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით რაჯა ნაინგოლანმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში მასპინძლებს დაწინაურების შანსიც ჰქონდათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ამრიგად, სერია A-ში “რომას” მოგებათა სერია შეწყდა. დედაქალაქური გუნდის გამარჯვებათა სერიამ რვა მატჩი შეადგინა.
სატურნირო ცხრილში “რომას” 60 ქულით მესამე პოზიცია უკავია, “ინტერი” 55 ქულით მეოთხე ადგილზეა.
იტალიის სერია A
30-ე ტური
“რომა” — “ინტერი” 1:1 (0:0)
გოლები: ნაინგოლანი 84′ — პერიშიჩი 53′
გაფრთხილებები: კეიტა 22′, მანოლასი 88′ — მედელი 62′, ჰანდანოვიჩი 75′.