რომან გოცირიძე: “აზაროვის “სერბეთში” 300 ათას ევროდ გაყიდვა არის სირცხვილი!”
ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და პარლამენტის მოქმედმა წევრმა რომან გოცირიძემ ირაკლი აზაროვის სერბეთში გადასვლაზე დაწერა.
“საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ირაკლი აზაროვი ბელგრადის ”ცრვენა ზვეზდაში” ბათუმის “დინამოს” მიერ 300 ათას ევროდ იქნა გაყიდული. ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება. თავი შეიძლება იმით იმართლონ, რომ მომავალში თუ სერბული კლუბი მეტ ფასად გაყიდის, მისი 20 პროცენტი ბათუმს დარჩება.
“დიდი არაფერი შვებაა ეს, თანაც მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ სამასი ათასიდან ფული თბილისის “დინამოსაც” ეკუთვნის, საერთოდ გაუჩუქებიათ და ესაა. ”ტრაბზონში” გადასულიყო არ სჯობდა? გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქული ლიგა ხომ ერთი თავით მაღლაა სერბულზე” – გოცირიძე.
გასულ სეზონში “ტრაბზონი” მის სანაცვლოდ 1.6 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა კონტრაქტი ვერ შეთანხმდა.
აზაროვის ტრანსფერი “ცრვენა ზვეზდაში” სულ მალე უნდა დადასტურდეს და ზოგიერთი გამოცემით, მასში სერბებმა სწორედ 300 ათასი ევრო გადაიხადეს.