რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება.
“ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში ას მილიონ ლარამდე დაიხარჯა(ნაცვლად დაგეგმილი 71 მილიონი ლარისა), კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონის, ესპანეთის თამაშს ევრობასკეტის გახსნის დღეს 500 მაყურებელი ესწრებოდა. ამაზე ცოტა მეტი იყო თურქების თამაშზეც. ამის შესახებ უკვე იწერება ევროპულ პრესაში. იუნიორთა შეჯიბრებას ჰგავსო.
როცა მსგავსი მასშტაბის საქმეს ებღაუჭები, კიდევაც უნდა შექმნა შესაბამისი ატმოსფერო. უკვე ნათელია, რომ ევრობასკეტი, რომელიც ტურისტების მოზიდვაზე და ქვეყნის იმიჯის შექმნაზე იყო გათვლილი, ფინანსურად კრახით დამთავრდება. შეგვრჩება ხელში ორი ახალი( ერთი ახალგაზრდული ოლიმპიადისათვის იქვე აშენებული) და ერთი ძველი მუდმივად გამოუყენებელი სპორტის სასახლე, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზივით ბიუჯეტიდან შესანახი.
ქვეყანამ დაკარგა ევროპული სახე და ვერც ეს შეჯიბრი იქნებოდა ხალისიანი და ევროპული იმ პირობებში, რომელშიაც ქვეყანა იმყოფება” – დაწერა გოცირიძემ.
გუშინ პრობლემებზე ვრცლად ისაუბრა კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმაც.