რომან ფიფია: “უმადურობა არის ყველაზე ცუდი რამ!”
რომან ფიფიამ თბილისის “დინამოს” გახსვისებასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა.
“მიმდინარეობს მხოლოდ მოლაპარაკებები. არის რამდენიმე გამოხატული ინტერესი, როგორც კლუბის მთლიანად გასხვისებასთან დაკავშირებით, ასევე, პარტნიორობასთან. სამწუხაროდ, საქართველოდან რაიმე ინტერესი არ არის. არც იმ ხალხისგან, ვისაც ეს რეალურად შეუძლია. არც რომელიმე ბიზნესმენის მხრიდან.
ამ ბოლო ევროტურნირის თამაშმა მე ნათლად დამანახა, რომ ის სახსრები, რაც შემიძლია დავხარჯო “დინამოში”, არ არის საკმარისი. მე ვგრძნობ რა პასუხისმგებლობას, ეს არ არის კომერციული ობიექტი, როგორც გინდა ისე მოეპყრო.
“დინამომ” ძალიან დიდი განვითარება განიცადა 2011 წლიდან, რაც არ ჰქონდა ინფრასტრუქტურულად. დამნახავი ამას ნახავს, დაუნახავი ამას არც შეხედავს.
მთავარი არის პიროვნება, კარგი იქნება თუ ქართველი იქნება, სამწუხაროდ ჯერ არ ჩანს. რაც დღეს სჭირდება ქართულ ფეხბურთს, ის სჭირდება “დინამო თბილისს” – ფინანსები. “დინამოს” დღეს აქვს ყველაფერი, აუცილებელია ჩამოყალიბდეს ისეთი ტენდენცია გუნდში, რომ “დინამოს” მუდმივად ჰყავდეს ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები, მაღალანაზღაურებადი. დანარჩენი ყველაფერი აქვს. ის ახალგაზრდები, რომლებიც ავსებენ გუნდს, სავსებით საკმარისნი არიან. მხოლოდ რეალურად სჭირდება ფინანსები.
მუდმივად ვიბრძვით ჩემპიონატში საპრიზო ადგილისთვის. ის რასაც “დინამოსთვის” ვაკეთებ, მომავალშიც შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ეს სასურველი შედეგებისთვის საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ მივიღე გასხვისების გადაწყვეტილება. არ ეგონოს ხალხს. ამ სკამზე ვარ ჩაბღაუჭებული.
2015 წლამდე “დინამომ” ითამაშა სამი პლეი-ოფი. უბრალოდ არ გაგვიმართლა და ვერ გავედით. მაშინ რუსთავის აზოტის ქარხანას ვფლობდი, თუმცა შემდეგ ორმა ჯგუფმა მიისაკუთრა ეს ქარხანა და მას შემდეგ საქართველოში ერთი თეთრიც არ ამიღია. 2015 წლამდე ვახერხებდი ჩემი საკუთარი ბიზნესიდან კლუბის დაფინანსებას. ახლა მათთან სამართლებრივ დავაში ვარ და სამართალმა იცის პურის ჭამა.
2013 წელს კრიშტიანო რონალდომ გახსნა ეს აკადემია. რა მივიღეთ დღეს? იმ ხალხისთვის ვლაპარაკობ, ვინც ამას შეგნებულად არ უყურებს. მამარდაშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი. პარკაძე ისტორიაში პირველად პირდაპირ “ბაიერნში” გადავა. ამათზე დგას დღეს საქართველოს ნაკრები.
მე მზად ვარ დავთმო პრეზიდენტის თანამდებობა. მე მინდა მხოლოდ “დინამოს” კეთილდღეობა. გუნდში ათეულობით მილიონი ჩავდე, გავზარდე ვარსკვლავები, გავზარდე “დინამო აკადემიაში” იმ ოქრო ხახლთან ერთად, ვინც დღე და ღამე მუშაობს. აქ ბავშვები იზრდებიან ფეხბურთელებად და არაფერი აკლიათ.
შეცდომას ყველა უშვებს და შეცდომის გამოსწორება შეიძლება, თუმცა უმადურობა არის ყველაზე მძიმე რამ. მე რომ ვიყო მართალი ჩემ აქტიურ ქომაგებთან, აქვთ ლოგიკა მათ გამოხმაურებებს, წყენებს, სწორედ ამიტომ ვდგამ ამ ნაბიჯს. თუ ვინმე არის მზად უპასუხოს ამ ფინანსურ თემებს, მე მზად ვარ. სამოთხის ბაღი ჰქვია ამ ადგილს.
არის რამდენიმე უცხოური ინტერესი, მათ შორის, ერთი არასასურველი ქვეყნიდან, მაგრამ დასახელება არ მსურს კონკრეტულა. საქართველოდან, სამწუხაროდ, არავინაა.
“დინამო” ჩემი ოჯახია. მის მოფერებაში და დავარცხნაში გავატარე 11 წელი. ეს არ არის უბრალოდ გუნდი, “დინამო” ქვეყნის სახეა” – განაცხადა ფიფიამ.
რომან ფიფიამ “დინამო” 2011 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ კლუბში უამრავი მწვრთნელი გამოიცვალა, უამრავი ცვლილება მოხდა, თუმცა რეალური შედეგი ვერ დაიდო.