“რომას” ლაზარეთი წამყვანი მოთამაშეებით შეივსო
“რომას” უახლოეს მატჩებში წამყვანი მოთამაშეები დააკლდება.
გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც დღეს 39 წელი შეუსრულდა, იტალიის სერია A-ს VI ტურში “კარპის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:1) მოედანზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო. ტოტიმ დაზიანება სწორედ იმ არეში მიიღო, რომელზეც ორი წლის წინათ მიღებული ტრავმის შედეგად იარა აქვს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იტალიელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა ორი თვით მოუწევდა, თუმცა დაზიანება ამდენად სერიოზული არ გამოდგა.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “რომას” უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ედინ ჯეკო გახლავთ. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა.
გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო გუნდის ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამაც, რომელმაც მოედანი შეხვედრის 21-ე წუთზე დატოვა. მალელ ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აქვს და ორი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.