“რომას” ფანები: “ჰოლანდიური პოლიცია ცხოველებივით მოგვექცა”
უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში “რომას” საქომაგოდ იტალიელი ტიფოზები გაჰყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიაში ჩასულ ქომაგებს ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებთან უთანხმოება მოუვიდათ. აღშფოთებულმა ტიფოზებმა ჰოლანდიაში იტალიის საელჩოსა და ჟურნალისტებს პრეტენზიით მიმართეს.
“ჰოლანდიის პოლიცია ცხოველებივით მოგვექცა. თვითმფრინავის ტრაპიდან ორი ავტობუსით ღია მინდორზე გადაგვიყვანეს. წვიმაში გაგვაჩერეს, ფოტოებს გვიღებდნენ, პირად მონაცემებს იწერდნენ. ბარგი ჩვენს დაუსწრებლად გაჩხრიკეს.
2-საათნახევრის განმავლობაში ცხოველებივით გვექცეოდნენ. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ხის ქვეშ გადაადგილება ვთხოვეთ, თუმცა არც ამ პროცესმა ჩაიარა პოლიციის ზედამხედველობის გარეშე”, – ერთ-ერთი ტიფოზის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ “ფეინოორდის” ფანებმა რომში არეულობა მოაწყვეს, რისთვისაც 16-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. იტალიის დედაქალაქში მომხდარმა არეულობამ 2,8 მილიარდი ევროს ზარალი გამოიწვია.