რომელ მწვრთნელს ხედავს ვენგერი “არსენალის” თავკაცის პოსტზე
ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავკაცი არსენ ვენგერი თვლის, რომ პატრიკ ვიეირა “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ღირსეული კანდიდატი იქნებოდა.
დღესდღეობით ვიეირა “ნიცას” თავკაცობს, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 48 ქულით მერვე პოზიცია უკავია. შეგახსენებთ, რომ 42 წლის ფრანგი “არსენალის” ღირსებას მოთამაშის რანგში 1996-დან 2005 წლამდე იცავდა.
“ვიეირას “არსენალის” თავკაცის პოსტზე ვხედავ, ვინაიდან ის სანაკრებო დონისთვის ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა. მისი კარიერა საკლუბო ფეხბურთში განვითარდა. ის ერთდროულად არის ელეგანტურიც და ავტორიტეტულიც. პატრიკი სწორად ვითარდება. მე ვფიქრობ, რომ ის საკლუბო ფეხბურთში დარჩება.
ვიეირას “ნიცაში” რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მან სიმტკიცე გამოავლინა. მხოლოდ კრიზისულ ვითარებაში ირკვევა მწვრთნელის რეალური დონე. საკმარისია შეხედოთ, თუ რამდენი ქულა აქვს გუნდს აქტივში და ყველაფერი ნათელი გახდება”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “სანი”.