რომელი გრანდებში გაუშვეს ხვიჩა კვარაცხელია? – ბაიერნი, მილანი…
საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სხვადასხვა მედია საშუალებას ყოველდღე ახალ გუნდში გადაჰყავს. ჯერჯერობით კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს მხოლოდ “ტორინოს”, “სასუოლოს”, “გენტისა” და “ზალცბურგის” ინტერესი აქვს სატელევიზიო ინტერვიუთი დადასტურებული.
პრესამ კვარაცხელია ბოლო 6 თვის განმავლობაში შემდეგ გრანდებს დაუკავშირა: ლონდონის “ტოტენჰემი” და “ლიდსი”.
“ტოტენჰემის” ინტერესზე გუშინ Sky Italia-მ დაწერა, მას შემდეგ, რაც “მილანთან” დაკავშირებულმა ჟურნალისტმა იტალიელების მხრიდან მოლაპარაკება უარყო. “ლიდსში” მარსელო ბიელსაა, რომელიც თავისი განსაკუთრებული სამწვრთნელო თვისებებით გამოირჩევა და თითქოს ხვიჩა “ლიდსში” მცველადაც წარმოედგინა.
მიუნხენის “ბაიერნი”, “გლადბახი” და “დორტმუნდი”.
“ბაიერნის” შესახებ ცნობა ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როცა გიორგი ჩაკვეტაძე საუცხოო ფორმაში იყო და კვარაცხელია ნაკლებად ჩანდა. ჯუღელის განმარტებით, 17 წლის ასაკში სალიჰამიჯიჩსაც შეხვდნენ, ბაზა დაათვალიერეს, თუმცა ბოლოს “ბაიერნმა” ქართველი არ აიყვანა. “დორტმუნდის” შესახებ განცხადება ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმაც გააკეთა და რაიმე კონკრეტული შეთავაზება უარყო. “გლადბახი” რადარზე 2 კვირის წინ გამოჩნდა, მაგრამ მალევე გაქრა.
ტურინის “იუვენტუსი”, “მილანი” და “ნაპოლი”.
განსაკუთრებული რეზონანსი “მილანის” გამოჩენამ გამოიწვია. რუსულმა Metarating-ის თანახმად, საქმეში პირადად კახა კალაძეც იყო ჩართული. ჯერჯერობით, მილანური გუნდი უბრალოდ დაინტერესების ეტაპზეა. ასევე, კალაძის განცხადებით, გარდა პაოლო მალდინის ზარისა, “ნაპოლის” იმჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მას კვარაცხელიას შესახებ დაურეკა და აზრი ჰკითხა. გატუზომ შემდეგ “ნაპოლი” დატოვა. “იუვენტუსის” შესახებ ინტერესი მამამ, ბადრი კვარაცხელიამ დაადასტურა და განაცხადა, რომ ჯუღელი ტურინშიც ჩავიდა “იუვეს” ხელმძღვანელობასთან შესახვედრად.
“სევილია” და “გალათასარაი”
“სევილიასა” და “გალას” შესახებ ესპანურმა და თურქულმა მედიამ დაწერეს, თუმცა მხოლოდ 1 დღით და მეტი არაფერი.
ჯერჯერობით, გვაქვს ბევრი ჭორი და ფაქტი, რომ ხვიჩ ჯერ კიდევ “რუბინის” წევრად ითვლება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საკმაო დროა დარჩენილი.