რომელუ ლუკაკუ “კალიარის” ფანების რასისტულ შეძახილებს ეხმაურება (ფოტო)
ფეხბურთში რასიზმის აღსაკვეთად გატარებული რეფორმების მიუხედავად ეს დიდი პრობლემა კვლავაც მძვინვარებს, თანაც ისეთი მაღალი დონის ჩემპიონატში, როგორიც იტალიის სერია A გახლავთ.
1 სექტემბერს “კალიარისა” და “ინტერის” შორის გამართულ მატჩში მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს “ნერაძურის” ბელგიელ შემტევ რომელუ ლუკაკუს.
“ბოლო თვის განმავლობაში ბევრი ფეხბურთელი გახდა რასიზმის მსხვერპლი… გუშინ ეს მეც გამოვიარე. ფეხბურთი სიამოვნების მისაღები თამაშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ დისკრიმინაციის რომელიმე ფორმას, რომელიც ამ თამაშს შეარცხვენს.
იმედი მაქვს, რომ ფეხბურთის ფედერაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაფერის რეაგირებას მოახდენენ დისკრიმინაციის ყოველ შემთხვევაზე!
სოციალური მედიის პლატფორმებმა (ინსტაგრამი, ტვიტერი, ფეისბუქი) უკეთ უნდა იმუშავონ საფეხბურთო კლუბებთან ერთად. ყოველ პოსტზე ვხვდებით რასისტული ტიპის კომენტარებს ადამიანის ფერთან დაკავშირებით… წლებია ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა მოქმედებები არ ჩანს.
ქალბატონებო და ბატონებო, 2019 წელია და წინსვლის ნაცვლად უკან ვდგამთ ნაბიჯებს და ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები უნდა გავერთიანდეთ და საკუთარი პოზიცია დავაფიქსიროთ, რათა ეს სპორტი წმინდა და სასიამოვნო იყოს,” – ვკითხულობთ ლუკაკუს განცხადებაში.
#SayNoToRacism pic.twitter.com/Kwl8zFUYKJ
— R.Lukaku Bolingoli9 (@RomeluLukaku9) September 2, 2019