რონალდ კუმანმა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, “ბარსელონა” ჩაიბაროს
უცხოურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს კონტრაქტში ერთი განსაკუთრებული პუნქტი აქვს ჩამატებული.
როგორც ცნობილი ხდება, ნიდერლანდების ნაკრების თავკაცს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება შეუძლია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციაში კუმანის შენარჩუნება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე სურთ.
კუმანი “ბარსელონას” ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა – ამ უკანასკნელს “კამპ ნოუზე” ექვსი სეზონი აქვს გატარებული და 264 შეხვედრაში მოურგია “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისური. ამ პერიოდში მან გუნდთან ერთად 10 ტიტული მოიგო.
მწვრთნელის რანგში კი 56 წლის სპეციალისტს “ბენფიკაში”, “ვალენსიაში”, “პსვ”-სა და “ევერტონში” აქვს ნამუშევარი.