რონალდინიო ახალ კლუბს უახლოვდება
მექსიკურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი მექსიკის ჩემპიონატში ვიხილოთ.
აპერტურაში მოასპარეზე “კერეტარო” 34 წლის შემტევ ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ირკვევა, რონალდინიო უკვე მექსიკაშიც იყო ჩასული.
Fox Deportes-ისა და La Aficion-ის ცნობით, მექსიკელები რონალდინიოს ორწლიან კონტრაქტს თავაზობენ.
“მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით გარკვეული არაფერია. საფეხბურთო სამყაროში არაერთხელ მომხდარა ის, რომ თითქმის გაჩარხული ტრანსფერიც კი ჩაშლილა”, – ამბობს “კერეტაროს” სპორტული დირექტორი ადოლფო რიოსი.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ ივლისში “ატლეტიკო მინეირო” დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. “პარი სენ-ჟერმენის”, “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილ მოთამაშეს ინგლისის რანგით მეექვსე დივიზიონში მოასპარეზე “ბეისინგსტოკ სიტიც” იწვევს.