რონალდუ 8-0 მესი
ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩის (1:1) 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გააძევეს. ეს პორტუგალიელის საკლუბო კარიერაში რიგით მერვე გაძევებაა, როცა მისი უშუალო კონკურენტი ლიონელ მესი მოედნიდან არასდროს გაუძევებიათ. რონალდუს „რეალის“ შემადგენლობაში 4 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ამდენჯერვე გააძევეს ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში.
მას ბილბაომდე წითელი ბარათი ესპანეთის სამეფო თასის გასული სეზონის ფინალურ მატჩში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩი უჩვენეს. მაშინ პორტუგალიელი ფეხბურთელი გაბიმ „მოცელა“ უკნიდან, რონალდუმ კი ვერ მოითმინდა და სამაგიერო ოპონენტს ფეხის სახეში გარტყმით გადაუხადა.
დავუბრუნდეთ „ატლეტიკთან“ რონალდუს გაძევებას. როგორც გუშინ გაუწყეთ, გასახდელისკენ მიმავალმა კრიშტიანუმ გზად შეურაცხმყოფელი ჟესტი გააკეთა. ამის გამო, შესაძლოა, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ, თუმცა არც მადრიდის „რეალი“ აპირებს, ასე მშვიდად შეეგუოს თავისი ლიდერის გასამართლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამეფო კლუბმა“ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა და სამი არგუმენტიც მოიყვანა:
1. „რეალი“ ამტკიცებს, რომ ბურთი თამაშში იყო, როდესაც მთავარმა არბიტრმა აისა გამესმა რონალდუს წითელი ბარათი უჩვენა;
2. რონალდუსა და იტურასპეს შორის კონტაქტს არ შეიძლება, რომ „დარტყმა“ დაერქვას, როგორც ეს მატჩის არბიტრმა აღნიშნა თავის მოხსენებაში;
3. „რეალი“ თვლის, რომ გასახდელისკენ მიმავალ რონალდუს შეურაცხმყოფელი ჟესტი დამხმარე არბიტრის მისამართით არ უჩვენებია, მაგრამ მსაჯის მოხსენებაში ეს პირიქით არის აღნიშნული.
საბოლოო ვერდიქტი ხვალ გახდება ცნობილი.
კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ მომენტის ამსახველ ვიდეომასალას.
ბექა დოგრაშვილი