რონალდო: „ბრაზილიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეხვდება“ (ინტერვიუ)
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩის როლი მოირგო, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ რონალდოსთან ჩაწერილ ინტერვიუს.
– ვინ არიან დამდეგი მუნდიალის ფავორიტები?
– რა თქმა უნდა, მე მშობლიურ ბრაზილიას დავასახელებ. მთავარი კონკურენტი გერმანიის ნაკრები იქნება. შემდეგ ესპანელები და არგენტინელები მოდიან, რომელთაც არასასიამოვნო სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ. ლუიშ ფელიპე სკოლარის მჯერა. მან იცის, რას აკეთებს და ეს კონფედერაციის თასზეც დაამტკიცა. ვის ველი მეტოქედ? არა მგონია, ბრაზილიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.
– ბრაზილიის ნაკრები ამდენად ძლიერია?
– ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად მოხდა, რომ შემადგენლობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არის. სკოლარის გუნდში საუკეთესოები არიან. ის უდიდესი მოტივატორია და ნაკრებიც სწორ გზაზე დგას.
– არ ფიქრობთ, რომ დიდმა მოლოდინმა შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ?
– არა. პირიქით კი მგონია. ხალხის სიყვარული გვეხმარება. როდესაც კონფედერაციის თასის ფინალური მატჩის წინ მთელი სტადიონი ბრაზილიის ჰიმნს ხმის ჩახლეჩამდე მღეროდა… იცით, ეს არის ფეხბურთის ნამდვილი სული.
– რას ფიქრობთ ფიფას რეიტინგზე, რომლის თანახმადაც, ისეთი გუნდები, როგორებიც არის იტალია და ჰოლანდია, განთესილებს მიღმა აღმოჩდნენ?
– ჩემი აზრით, ეს რეიტინგი სამართლიანად აღწერს გუნდების ძალას მსოფლიოს მასშტაბით. ფიფას რეიტინგი გვიჩვენებს, თუ რომელი გუნდია ძლიერი კონკრეტულ მომენტში. მაღალი რეიტინგი ჩემპიონატის მოგების გარანტიას არ იძლევა. მაგალითად, განთესილებს შორის არ არის ბევრი ძლიერი ნაკრები, რადგან ეს გუნდები ბოლო პერიოდში კარგად არ გამოიყურებოდნენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუნდიალზე მათ ხელები უნდა ჩამოუშვან.
– როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ მატჩები უჩვეულო დროს გაიმართება, რამდენად დიდ როლს ითამაშებს მუნდიალზე?
– მატჩები არც ისე ადრე დაიწყება. ვიცი, რომ ფიფამ ექიმებთან, ფიზიოთერაპევტებთან და მწვრთნელებთან გარკვეული სახის კონსულტაციები გაიარა. წინათ მსოფლიოს ჩემპიონატები ცხელ ამინდში იმართებოდა და მატჩებიც ადრე იწყებოდა. ვიცი, რასაც ვამბობ. 1994 წლის აშშ-ის მუნდიალზე დღის საათებში ვთამაშობდით.
– ბევრს აშფოთებს სტადიონების მდგომარეობა სან-პაულუში, კუიაბასა და კურიტიბაში.
– ადრე თუ გვიან სტადიონები მზად იქნება, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, თუმცა რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება. ეს სატესტო ღონისძიების, მოედნების, ტრიბუნების, ტექნიკური დეტალების შემოწმების საშუალებას მოგვცემს. დიდი იმედი მაქვს, არენებს ჩემპიონატის სტარტამდე გამოვცდით.
– მსოფლიოს ჩემპიონატებზე 15 გოლი გაქვთ გატანილი და ეს სარეკორდო მაჩვენებელია, თუმცა მიროსლავ კლოზეს დამდეგ ზაფხულს ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი მიეცემა…
– კი ბატონო, ძალიან მომიახლოვდა და იმედი მაქვს, ვერ დამეწევა (იცინის). სერიოზულად თუ მივუდგებით, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ისინი დაამხო. მე თავად გავაუმჯობესე ვიღაცის მიღწევა და ერთხელაც მოვა დრო, როცა სხვები აჩვენებენ ჩემზე კარგ შედეგებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გოლებს ღირებულება დაეკარგება. თითოეული გატანილი გოლით დღემდე ვამაყობ.
– რას იტყვით ნეიმარის პროგრესის შესახებ?
– ნეიმარი ევროპაში სრულიად ახალგაზრდა წავიდა, თუმცა ვფიქრობ, ის ადაპტირებას გაივლის და ბევრ რამესაც ისწავლის. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობ, უფრო სწრაფად პროგრესირებ. დარწმუნებული ვარ, ნეიმარი პლანეტის უდიდეს მოთამაშედ იქცევა. ის „ბარსელონას“ ძალიან კარგად მოერგო. მას ესპანეთში უკეთ გაიცნობენ და ეს ისევ ჩვენს ნაკრებს წაადგება.
ბექა დოგრაშვილი