რონალდო ჩინეთში 30 საფეხბურთო სკოლის გახსნას აპირებს
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი რონალდო ჩინეთში 30 საფეხბურთო სკოლის გახსნას აპირებს.
„საქმიანი ფაქტორის გარდა, ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც აქ სკოლის გახსნა გადავწყვიტე, ისაა, რომ ჩინეთში ბევრი ფეხბურთელი და ფეხბურთის გულშემატკივარია. სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე ასევე ხელისუფლება და ორგანიზაციები ზრუნავენ.
ვფიქრობ, ჩინეთში ფეხბურთი მასობრივი მხარდაჭერით სარგებლობს და მისი განვითარება აუცილებელია. ჯერჯერობით, ალბათ, აქ სწორი ვარჯიშის მეთოდების შემოღებაა საჭირო“, – აღნიშნა რონალდომ.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთის სუპერლიგის კლუბებმა ტრანსფერებზე 2014/15 წლების სეზონში 121,5 მილიონი დოლარი დახარჯეს. ჩინეთის სუპერლიგის ჩვენებების უფლებები კი 2020 წლამდე 1,26 მილიარდ დოლარად გაიყიდა. ამასთანავე, როგორც კლუბების, ასევე ნაკრების შედეგები არც თუ ისე წარმატებულია.