რონალდუ: “2014 წელს, კრიშტიანო რონალდუ იქნება…”
2013 წელი კრიშტიანო რონალდუსათვის მართლაც ბრწყინვალე აღმოჩნდა. მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში, ფრანკ რიბერისა და ლიონელ მესის აჯობა.
2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
– ოქროს ბურთის გადმოცემა ძალიან ემოციური გამოდგა. რა აზრმა გაიელვა თქვენს თავში, როდესაც ფურცელზე თქვენი სახელი და გვარი ამოიკითხეს?
– როდესაც მივხვდი, რომ ოქროს ბურთი მერგო, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი. ასეთი ჯილდოს მოპოვებას დიდი შრომა სჭირდება. რა თქმა უნდა, ოქროს ბურთის მეორედ მოგება ძალიან მინდოდა. იმედი მაქვს, მას მომავალ წელს, მესამედაც მივიღებ.
– გარდა იმისა, რომ ოქროს ბურთი მოიგეთ, კიდევ რითი გამოარჩევდით 2013 წელს?
– მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრამ ძალიან გამახარა. შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრები არასოდეს დამავიწყდება.
– პროფესიონალურ კარიერაში გატანილი 400 გოლიდან, რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ჩემთვის, ყველა გოლი განსაკუთრებულია. შეიძლება, ითქვას, როდესაც ფინალში გაგაქვს, მას უფრო დიდი წონა აქვს. გოლების გატანა ნამდვილად მიყვარს – გოლი ჩემი ნაწილია.
– ბოლო დროს, პორტუგალიურ ფეხბურთში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მათ შორის გამორჩეული კი, ორი იყო: პორტუგალიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა და ლეგენდარული ეუსებიოს გარდაცვალება…
– ძალიან ვწუხვარ, რომ ეუსებიო გარდაიცვალა. ის ნამდვილი გენიოსი იყო, შესაბამისად, პორტუგალიამ მისი სახით, უდიდესი ადამიანი დაკარგა. თუმცა, ეს ცხოვრებაა და ერთ დღეს ჩვენც წავალთ. ეუსებიო ჩვენს გულებში მუდამ დარჩება.
– რა მიზნები გაქვთ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე?
– იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი ამ ტურნირზე წარმატებას მიაღწევს. ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გულშემატკივრები გავახაროთ.
– ოქროს ბურთის მოგება ორ კლუბში – “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალში” თამაშისას მოახერხეთ…
– მე რომ მკითხოთ, ახლა მსოფლიოს ორ უძლირესს კლუბზე ვსაუბრობთ, ამიტომ მემაყება, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში წარმატებით მიასპარეზია. “მანჩესტერ იუნაიტედში” არაერთი ტიტული მოვიგე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ახლა მინდა, იგივე მადრიდის “რეალშიც” მოვახერხო.
– “სამეფო კლუბის” გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის მეათეჯერ მოგებას ითხოვენ. ეს ყოველივე გუნდისათვის წნეხი ხომ არ არის?
– შესაძლოა, გარკვეული წნეხი მართლაც არის, მაგრამ ეს უფრო მოტივირებულებს გვხდის. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურინირია, ამიტომ “რეალს” მისი მოგება ყველა სეზონში სურს. ჩვენ ერთ-ერთი ფავორიტები ვართ. ვნახოთ, რა მოხდება.
– დღევანდელი ფეხბურთელებიდან, ვის გამოარჩევდით?
– ერთი ფეხბურთელის გამორჩევა არ მსურს. დღეს, ფეხბურთში ძალიან ბევრი ძლიერი მოთამაშეა, რომელთა წინააღმდეგაც დიდი სიამოვნებით ვთამაშობ. მომწონს “რეალის”, “ბარსელონას”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ბაიერნის” ფეხბურთელები. კონკრეტულად ერთს კი ვერ დავასახელებ.
– დაასრულეთ წინადადება: “2014 წელს, კრიშტიანო რონალდუ იქნება…”
– …იქნება ისეთივე, როგორიც 2013 წელს იყო.
დიტო ჭიჭინაძე