რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს?
მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 38-ე ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე გახურებისას ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 7 მაისს, „ვალიადოლიდთან“ გამართული მატჩის მიმდინარეობისას მყესი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქნა, თუმცა მალევე მომჯობინდა და პრიმერადივიზიონის უკანასკნელ ტურში სათამაშოდ ემზადებოდა. გახურებისას რონალდუმ თავი შეუძლოდ იგრძნო და მინდორი დატოვა, სასტარტო შემადგენლობაში კი ის ისკომ ჩაანაცვლა.
პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის მატჩის გამოტოვებით პორტუგალიელმა „ოქროს ბუცის“ ერთპიროვნულად დაუფლების შანსიც დაკარგა, ვინაიდან, მის მსგავსად, 31 გოლი „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს აქვს გატანილი. ახლა ეს საპატიო ჯილდო ამ ორ ფეხბურთელს შორის განაწილდება.
გარდა ამისა, რონალდუს თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, წესით და რიგით, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა მუნდიალამდე მომჯობინება უნდა მოასწროს.
ბექა დოგრაშვილი