რონალდუ ეძებს ქალბატონებს, რომლებიც მას ბურგერით გაუმასპინძლდნენ
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ ITV-ის ჟურნალისტ პირს მორგანს საინტერესო ინტერვიუ მისცა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ბავშვობის წლები გაიხსენა.
კრიშტიანომ კუნძულ მადეირაზე გატარებული პერიოდი და ის ადამიანები გაიხსენა, ვინც მას საკვებით დაეხმარა. ახლა რონალდუს სურს, რომ ქალბატონები იპოვოს და მათ მადლობა გადაუხადოს.
“გვშიოდა. სტადიონის გვერდზე მაკდონალდსი იყო. კარებზე დავაკაკუნეთ და ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა მათ ბურგერები, რათა ჩვენთვის მოეცათ. იქ ყოველთვის იყო ედნა და კიდევ ორი გოგონა. ამის შემდეგ ისინი ვერ ვიპოვე.
ახლა ეს რესტორანი დაკეტილია. პორტუგალიაში ხალხს ამ ადამიანების შესახებ ვეკითხები ხოლმე. თუ ეს ინტერვიუ მათ პოვნაში დამეხმარება, ძალიან გამიხარდება. მინდა, რომ ისინი ტურინში ან ლისაბონში დავპატიჟო და მათთან ერთად ვისადილო. მსურს, მადლობა რაღაცით გადავუხადო”, – განაცხადა რონალდუმ.