რონალდუ: “მსგავსი პრობლემა ინგლისში არ მქონია, ამიტომ მინდა იქ დაბრუნება”
რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანო რონალდუ ესპანური სასამართლოს წინაშე წარსდგა. პორტუგალიელ ფეხბურთელს მთავრობისათვის გადასახადების დამალვა (14.7 მილიონი ევრო) ედება ბრალად. გამოცემა “ასის” ვებ-გვერდზე რონალდუს მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვები გამოქვეყნდა.
“ინგლისში მსგავსი პრობლემა არ მქონია, სწორედ ამიტომ მინდა იქ დაბრუნება. მე ყოველთვის ვიხდიდი გადასახადებს ინგლისშიც და ესპანეთშიც. თავადაც იცით, რომ ვერაფერს დავმალავ. შეგიძლიათ, გუგლში ჩემი სახელი ჩაწეროთ და იქ ყველაფერს ნახავთ. მაგალითად, ჟურნალმა “ფორბსმა” ჩემი შემოსავლების შესახებ სტატიაც გამოაქვეყნა.
2014 წელს ყველაფერი გადავიხადე. ფინანსურ საკითხებში ვერ ვერკვევი. სკოლაში მხოლოდ ექვსი წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ერთადერთი, რაც ვიცი, ფეხბურთის თამაშია. როდესაც ჩემი მრჩევლები მეუბნებიან – “კრის, ყველაფერი კარგადაა”, მე მათი მჯერა.
მე გადასახადებს ყოველთვის ვიხდი, მინდა, პატიოსანი მოქალაქე ვიყო და ამიტომ ვიხდი. ჩემი მრჩევლები საუკეთესოები არიან, მათი მჯერა. ისინი კარგ საქმეს აკეთებენ, მათ ხელფასს ვუხდი, ყველაფერს მათ ვანდობ”, – განაცხადა რონალდუმ სასამართლოზე