რონალდუ ყოფილ მწვრთნელებზე – ფერგიუსონი, მოურინიო და ზიდანი
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ Coach Magazine-თან ინტერვიუში მის ყოფილ მწვრთნელებზე ისაუბრა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სერ ალექს ფერგიუსონი, ჟოზე მოურინიო და ზინედინ ზიდანი შეაფასა.
რონალდუ ფერგიუსონზე
“ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო, რადგან კარიერის დასაწყისში “სპორტინგიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავედი. პორტუგალიური მენტალიტეტი მქონდა – ზედმეტად ბევრი ბურთზე ფეხის გადატარება. ასევე, სწორი გადაწყვეტილებების მიღება მიჭირდა. მან მასწავლა, როგორ უნდა მეთამაშა სწორად. ბევრჯერ მითქვამს, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა მასწავლა ყველაფერი და ის ჩემთვის მამასავით იყო, რადგან ძალიან დამეხმარა.
ჩემთვის ყველა მწვრთნელი მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა “რეალში” მივედი, უკვე კაცი ვიყავი, ხოლო როცა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავედი – ბიჭი. უეცრად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში მოვხვდი და მაშინ სწორედ ისეთი პიროვნება მჭირდებოდა, როგორიც სერ ალექსი იყო.”
რონალდუ მოურინიოზე
“მე მის სტილთან ადაპტაცია დამჭირდა. მოურინიოსთან ერთად კიდევ ერთხელ მუშაობა? რატომაც არა? მას ყოველთვის გამორჩეულ მწვრთნელად მივიჩნევდი. ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ ჟოზე ყველაზე დიდი ანალიტიკოსი იყო, მას ყველაფერი დეტალებში ჰქონდა დამუშავებული.”
რონალდუ ზიდანზე
“მართალია, კარგად ვერ დავიწყეთ, თუმცა ზიდანთან ერთად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩავატარეთ. ლა ლიგაში დიდებულად ვთამაშობდით. მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, ამის შემდეგ მე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გავხდი. ჩემთვისაც და “რეალისთვისაც” შესანიშნავი სეზონი იყო. რა ვუთხარი ზიდანს, როცა მან “რეალი” დატოვა? “ვამაყობ, რომ შენი მოთამაშე ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა.”