რონალდუ “სიტისკენ” იყურება
ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.
წყაროს თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) რონალდუმ თავად ითხოვა სათადარიგოთა სკამზე დატოვება. ის მოედანზე მხოლოდ 59-ე წუთზე გავიდა.
36 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ის 29 გატანილი ბურთით იტალიის პირველობის შარშანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუსა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ივნისის ჩათვლით აქვს.
სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” პორტუგალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 45 მილიონ ევროდ აფასებს.