რონალდუს აგენტმა პერესთან “რეალში” კრიშტიანუს შესაძლო დაბრუნება განიხილა
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, გუნდი დატოვოს.
El Chiringuito-ს ცნობით, 36 წლის ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან “სანტიაგო ბერნაბეუზე” რონალდუს შესაძლო დაბრუნების საკითხი განიხილა. საუბრის დეტალები არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “რეალის” ღირსებას 2009-დან 2018 წლამდე იცავდა, რა დროის განმავლობაშიც 15 ტიტული დაისაკუთრა: ორ-ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ უეფას სუპერთასს დაუფლა, სამჯერ კი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
კრიშტიანუ რონალდუსა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 22 მატჩში ოცი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.