რონალდუს და “იუვეს” მარცხის შემდეგ: “მარტო სასწაულებს ვერ მოახდენდი, ჩემო მეფეო”
იტალიის თასის ფინალურ შეხვედრაში “ნაპოლიმ” ტურინის “იუვენტუსი” პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს დამ ელმა ავეირუმ პორტუგალიელ ფეხბურთელს გამამხნევებელი სიტყვები მიუღძვნა. მისი კომენტარიდან გამომდინარე, “იუვენტუსის” რიგებიდან გამარჯვების მოპოვებას მხოლოდ რონალდუ ცდილობდა.
“მეტი რისი გაკეთება შეგეძლო?! მარტო სასწაულებს ვერ მოახდენდი, ჩემო ძვირფასო… არ მესმის, ასე როგორ უნდა თამაშობდე… რაც არ უნდა იყოს, თავი მაღლა ასწიე, ამაზე მეტს ვერაფერს იზამდი, ჩემო მეფეო”, – დაწერა სოციალურ ქსელში კრიშტიანუს დამ.
ეს კრიშტიანუ რონალდუს საკლუბო კარიერაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პორტუგალიელი ფეხბურთელი ზედიზედ ორ ფინალურ შეხვედრას აგებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში “იუვენტუსი” იტალიის სუპერთასის მატჩში რომის “ლაციოსთან” დამარცხდა (1:3).