რონალდუს გაძევების მიუხედავად, „რეალი“ „კორდობასთან“ ფრეს გადაურჩა
„კორდობასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის გასვლითი მატჩი მადრიდის „რეალისთვის“ საკმაოდ რთული გამოდგა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. უკვე მესამე წუთზე სერხიო რამოსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რისთვისაც „რეალის“ კარის მიმართლებით პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ნაბილ გილასი მივიდა, რომელმაც შანსი გამოიყენა – 1:0.
სტუმრებმა ანგარიში 27-ე წუთზე გაათანაბრეს – ხამესმა კუთხურიდან ბურთი ჩააწოდა, გარეთ ბეილმა კი თავით ბურთი მეკარის მოედნისკენ ჩააწოდა, საიდანაც გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა.
მატჩის ბოლო წუთები საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო. 82-ე წუთზე მეტოქის ფეხში ჩარტყმისთვის კრიშტიანუ რონალდუმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, თუმცა ხუთ წუთში გუნდთა შემადგენლობა კვლავ გათანაბრდა. ბეილის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ფედერიკო კარტაბიას ბურთი ხელზე მოხვდა, რისთვისაც მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდის კარში კი პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან თავად ბეილი მივიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გაუჭირდა.
ამრიგად, „რეალმა“ 48 ქულა დააგროვა და პრიმერას პირველ ადგილზე დარჩა.