რონალდუს “იუნაიტედის” დატოვება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა სურს.
“დეილი მეილის” ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა და ისეთ გუნდში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის გათამაშებაში მეექვსე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.
ინგლისურ კლუბს კრიშტიანუ რონალდუს გაშვება არ სურს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პორტუგალიელი ფეხბურთელის დარწმუნება სცადა, თუმცა, როგორც ჩანს, ნიდერლანდელ სპეციალისტს ეს არ გამოუვიდა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს.
კრიშტიანუ რონალდუმ გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.