რონალდუს “რეალში” დაბრუნება უნდა, “იუვემ” პორტუგალიელის ფასი მკვეთრად დააგდო
ტურინის “იუვენტუსის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის “რეალში” შესაძლო დაბრუნების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება.
ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ იტალიური კლუბი მზად არის, 36 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი სულ რაღაც 25 მილიონ ევროდ დათმოს.
“ბიანკონერის” რონალდუსთან თანამშრომლობა წელიწადში 87 მილიონი ევრო უჯდება და მისი გაყიდვა კლუბს ფინანსური ზარალისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს, თუმცა “იუვენტუსი” პროცესების დაჩქარებას არ აპირებს.
წყაროს თანახმად, თუ რონალდუ “იუვენტუსს” შეატყობინებს, რომ კლუბის დატოვება სურს და კონკრეტულ წინადადებასაც წარუდგენს, “ბებერი სინიორა” დიალოგისთვის მზად იქნება და ხელოვნურ პრობლემებს არ შექმნის. თუ პორტუგალიელის თაობაზე შემოთავაზება არ იქნება, “ბიანკონერი” ფეხბურთელთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად რონალდუ “რეალში” დაბრუნების სურვილს გამოთქვამს. მიმდინარე თვის დასაწყისში ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსაც შეხვდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა. “რეალში” რონალდუს შესძლო დაბრუნებაზე კომენტარი მადრიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმაც გააკეთა.
კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 24 მატჩში 23 გოლი გაიტანა.