რუნის ჩარლტონის რეკორდი სინამდვილეში არ მოუხსნია
დღის ერთ-ერთი მთავარი თემა უეინ რუნის მიღწევაა. ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში “სტოკ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) ინგლისელმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და “წითელი ეშმაკების” რიგებში სულ 250 გატანილი ბურთი მოუგროვდა, რაც სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის გაუმჯობესებაა. თუმცა, საქმე მთლად ასე მარტივადაც არ ყოფილა.
ბობი ჩარლტონი “მანჩესტერ იუნაიტედს” 1972-1973 წლების სეზონის გათამაშების შემდეგ დაემშვიდობა. იმ დროისთვის მას “წითელი ეშმაკების” ფორმით 249 გოლი ჰქონდა. სეზონის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ ანგლო-იტალიური თასის გათამაშებაზე “მანჩესტერ იუნაიტედი” “ვერონას” დაუპირისპირდა. ინგლისელთა რიგებში ჩარლტონიც თამაშობდა და იმ შეხვედრაში ორი ბურთიც მიითვალა. შესაბამისად, მას “წითელი ეშმაკების” ფორმით სულ 251 გატანილი გოლი აქვს, თუმცა ინგლისური კლუბი აღნიშნულ შეხვედრას “პირველი კლასის მატჩად” არ მიიჩნევს და ჩარლტონის ამ ორ გოლს ოფიციალურად არ თვლის. მანჩესტერელთა ამ პოზიციის მიუხედავად, მატჩი ინგლისისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციებისა და უეფას ორგანიზებით ჩატარდა და შესაბამისად, შეხვედრა ოფიციალურად ითვლება. აქედან გამომდინარე, ბობი ჩარლტონს “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში სულ 251 გოლი აქვს გატანილი და არა 249, რუნის კი ამ რეკორდის მოსახსნელად კიდევ ორი გოლის გატანა სჭირდება.