“როცა გასახდელიდან გამოვედი, მესი პატარა ჩანთით იდგა, ამას არასოდეს დავივიწყებ”
ვეტერანმა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, ფაბიან ვარგასმა კატალონიის “ბარსელონასთან” შეხვედრა და მესისთან საუბარი გაიხსენა.
ვარგასი 2009-2011 წლებში “ალმერიას” ღირსებას იცავდა. 2010 წელს მისმა გუნდმა “ბარსელონას” უმასპინძლა და 0:8 განადგურდა.
“მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე მეგობარმა დამირეკა. მთხოვეს, რომ მათთვის ჩემი მაისური გადამეცა. ისინი მაისურის აუქციონზე გატანას აპირებდნენ, მიღებული თანხით კი კოლუმბიაში წყალდიდობით დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარებოდნენ. მე “ბარსელონასს” წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა მქონდა, მატჩის დაწყების წინ ლიონელ მესისთან მივედი, სიტუაცია ავუხსენი და ვთხოვე, თუ შეეძლო ჩემთვის მაისური გადმოეცა.
0:8 წავაგეთ და მოედანი გაბრაზებულმა დავტოვე. დამავიწყდა, რომ მესის მაისური ვთხოვე. გასახდელიდან როცა გამოვედი, ის იქვე პატარა ჩანთით იდგა. მახსოვს, მითხრა: “ნახე, ამ მაისურების შეგროვება შევძელი.” მას მადლობა გადავუხადე და გადავეხვიე. როცა სახლში დავბრუნდი და ჩანთა გავხსენი, იქ მხოლოდ მესის მაისური არ დამხვდა, იქ იყო ჩავი, ინიესტას, დანი ალვეშის, პიკესა და პუიოლის მაისურები. ამას არასოდეს დავივიწყებ”, – უთხრა ფაბიან ვარგასმა El Pais-ს.