როცა ლიონელ მესის ესპანეთის ნაკრებში თამაში შეეძლო…
2004 წლის 29 ივნისს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებში 17 წლის ლიონელ მესის დებიუტი შედგა, თუმცა იქამდე შესაძლებელი იყო, რომ მომავალ სუპერვარსკვლავს ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებში ეთამაშა.
2003 წელს ფინეთში მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატი ჩატარდა. ამ ტურნირის დაწყებამდე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა “ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი ესპანეთის ნაკრებში თამაშზე დაეთანხმებინათ. თუმცა, ლიონელ მესისა და მამამისის პოზიცია ნათელი იყო – მათ არგენტინის ნაკრების მაისურის ჩაცმა სურდათ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაშინ არგენტინის 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უგო ტოკალიმ მესი მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანა. ამის შემდეგ ესპანელები კიდევ უფრო აქტიურები გახდნენ, ფედერაციის წარმომადგენლები ხორხე მესის შვილის მომავალთან დაკავშირებით ხშირად ესაუბრებოდნენ.
მალევე მესის ოჯახს კატალონიაში არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა ესტუმრა, რომელმაც მათ განუცხადა, რომ ლეო უკვე ქვეყნის პირველ გუნდში თამაშისათვის მზად იყო. შეიძლება, ითქვას, ამის შემდეგ ესპანელებმა იმედი დაკარგეს. 2004 წელს მესიმ არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, 2005 წელს კი მან ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო.