“რუბინის” სპორტული დირექტორი: “ხვიჩა, სავარაუდოდ, ევროპის ტოპჩემპიონატში გადავა”
ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას, სავარაუდოდ, ევროპის წამყვანი ჩემპიონატის კლუბში გააგრძელებს, თუმცა იქვე მისი არც რუსული გუნდის რიგებში დარჩენა გამორიცხა.
სამაგიეროდ, მომდევნო სეზონში ხვიჩას რუსეთში დარჩენას ფეხბურთელის მამა ბადრი კვარაცხელია გამორიცხავს:
“ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა ზაფხულში “რუბინს” დატოვებს. ის ცოტას დაისვენებს და შემდეგ მშვიდად გადაწყვეტს, სად გააგრძელოს კარიერა”.
იაროვინსკი კი “რუბინიდან” კვარაცხელიას წასვლა-არწასვლის შანსებს 50-50-ზე აფასებს.
“რუბინში ფეხბურთელებს ადამიანურად ეპყრობიან. არ შეიძლება ხვიჩასნაირი ფეხბურთელის არგაშვება ისეთ ევროპულ კლუბებში, რომლებიც მისით არიან დაინტერესებულნი და მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ყოველთვის მტკივნეულია კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელის დაკარგვა, მაგრამ ის ბებიასთან ეზოში ბურთის საგორაოდ კი არ მიდის. ხვიჩა, სავარაუდოდ, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში გადავა.
ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობის, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი საიდუმლოდ რჩება. მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა მხარესთან და – სხვადასხვა სტადიაზე. ახლა ყველაფერი ისეა, როგორც დროის ამ პერიოდში ხდება ხოლმე. მეტ კონკრეტიკაზე ახლა გადავდივართ.
შანსი იმისა, რომ ხვიჩა “რუბინში” დარჩება 50 50-ზეა”, – იაროვინსკის კომენტარი “ბიზნეს ონლაინმა” გამოაქვეყნა.