რუმენიგე: „იმედი მაქვს, რონალდუ ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს“
მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედს გამოთქვამს, რომ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრისტიანუ რონალდუ გამოჯანმრთელებას მოასწრებს და უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ბავარიული კლუბის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
„იმედი მაქვს, კრიშტიანუ რონალდუ ჩვენთან სათამაშოდ მზად იქნება. მომხრე ვარ იმისა, რომ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ყოველთვის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშონ. მიყვარს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელების თამაშის ცქერა. ფიფას თანახმად, რონალდუ საუკეთესოა.
„რეალის“ არ მეშინია. მადრიდში ჩვენ „შავ მონსტრს“ გვეძახიან. ეს იმას ნიშნავს, რომ პატივს გვცემენ. ასეთივე პატივს ვცემთ ჩვენ მათ“, – რუმენიგეს სიტყვებს Football Espana აქვეყნებს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის პირველი მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“, 23 აპრილს შედგება.
ბექა დოგრაშვილი