რუნი: “ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფაქტორი იქნება”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ერლინგ ჰოლანი შეაქო. ნორვეგიელმა შემტევმა ინგლისის პრემიერლიგაში კარიერა “ვესტ ჰემის” კარში გატანილი დუბლით დაიწყო (2:0).
“ვთვლი, რომ ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორი გახდება. ის მთავარი მიზეზი იქნება, რითაც “სიტი” ტიტულს დაიცავს. “ლივერპული” საოცარი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მაგრამ მგონია, რომ “მანჩესტერ სიტის” უკეთესი მოთამაშეები ჰყავს და როგორც გუნდი, უკეთესია.
ინგლისის პრემიერლიგაში დიდი მოლოდინებით მოსული ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს. მგონია, რომ ჰოლანის შემთხვევაში ასე არ იქნება. ის “სიტის” კიდევ უფრო გააძლიერებს და “ლივერპულთან” უპირატესობას მისცემს. თუ ის სეზონს კარგად დაიწყებს, ვფიქრობ, ლიგის სუპერვარსკვლავად გახდომა შეუძლია”, – ციტირებს რუნის სიტყვებს “დეილი მეილი”.