რუნის “მანჩესტერ იუნაიტედის” ან “ევერტონის” გაწვრთა სურს
ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “დერბი ქაუნთის” მთავარ მწვრთნელ უეინ რუნის “მანჩესტერ იუნაიტედის” ან ლივერპულის “ევერტონის” ჩაბარება სურს. ამის შესახებ თავად ინგლისელმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ამ ორი კლუბის გაწვრთნის სურვილი მაქვს, თუმცა ახლა მთლიანად “დერბი ქაუნთიზე” ვარ გადართული, რომელიც ჩემპიონშიფში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ევერტონი” ჩემთვის ახლობელი კლუბები არიან. იმედი მაქვს, ოდესმე რომელიმე მათგანს ჩავუდგები სათავეში. ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იქნება”, – ციტირებს რუნის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ მოთამაშის კარიერა “ევერტონის” შემადგენლობაში დაიწყო, შემდეგ კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა, რომლის რიგებშიც 393 მატჩი ჩაატარა და 183 გოლი გაიტანა. 2017-2018 წლების სეზონში ის კვლავ “ევერტონის” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც სულ 117 შეხვედრა ჩაატარა და 28 ბურთი გაიტანა.
რუნიმ სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს “დერბი ქაუნთიში” დაიწყო.