რუსი დეპუტატების პასუხი ამერიკელი სენატორების წერილს: „გარიცხეთ აშშ ფიფადან“
Fanebi.com-ის მკითხველს მოეხსენება, რომ ამერიკელმა სენატორებმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მარკ კერკმა და დენ კოუტსმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლების ჩამორთმევისა და ფიფადან გარიცხვის თაობაზე წერილი მიწერეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვეს და პარტია „ედინაია რასიას“ წევრმა ალექსანდრ სიდიაკინმა და „სპრავედლივაია რასიას“ წევრმა მიხაილ მარკელოვმა ფიფას ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების 2014 წლის მუნდიალიდან მოხსნისა და მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო ორგანოდან გარიცხვის თაობაზე მიმართეს.
მიზეზი, რის გამოც აშშ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს და ფიფადან გაირიცხოს, რუსი დეპუტატების აზრით, მთელი რიგი ქვეყნების წინააღმდეგ ამერიკის მიზანმიმართული აგრესიაა, კონკრეტულად ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში განვითარებული მოვლენები სახელდება.
„თვალი თვალის წილ, ბურთი ბურთის წილ. არ დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ასპარეზობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე! გარიცხეთ აშშ ფიფადან“, – ეს განცხადება სიდიაკინმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
ბექა დოგრაშვილი