რუსთავის “ვეჯინი” ქალთა ლიგის ჩემპიონია!
ქალთა ლიგის გამარჯვებული რუსთავის ვეჯინია! დავით არწივიძის გაწვრთნილმა რუსთაველებმა დრამატულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში დაამარცხეს საქართველოს 16-წლამდელთ ნაკრები და საქართველოს ქალთა ლიგის ჩემპიონობა დაიმასახურეს.
რუსთაველებს რომც წაეგოთ, ჩემპიონები ხდებოდნენ. ეს იმიტომ, რომ 16-წლამდელთა ნაკრები ქალთა ლიგაში უკონკურსოდ გამოდიოდა და ნებისმიერი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში მიღწეული შედეგი არ ჩაეთვლებოდათ. შესაბამისად, ნაკრებმა ვერც მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონატი უმედლოდ, თუმცა ღირსეულად დაასრულა.
16-წლამდელთა ნაკრებმა მომავალ ჩემპიონ რუსთავს მთელი სეზონის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მის დასკვნით ნაწილში ღირსეული ბრძლა გაუმართა. ამის მაგალითი იყო ფინალური მატჩი, რომელსაც ნაკრების წევრები უმეტესწილად აგებდნენ, თუმცა ძირითადი დროის ბოლო წუთებზე ისე მობილიზებით ითამაშეს, ბოლო წამებზე გამარჯვებაც შეეძლოთ. ნატალია ოთხმეზურმა მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, საჯარიმო სროლა ააცილა. ეს იყო არასპორტულ ჯარიმას მოყოლილი საჯარიმო, რის შემდეგაც ბურთი შესატევად ნაკრების მოთამაშეებს დარჩათ. გადამწყვეტი შეტევა ნაკრების წევრებმა გააცუდეს და მატჩი დამატებით დროში გადაიზარდა.
ოვერტაიმი კარგად დაიწყეს რუსთაველებმა, რომლებიც 3 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ნაკრებმა კვლავ იმარჯვა, ილურიძის, ოთხმეზურისა და ადამიას შედეგიანობით დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ახალგაზრდები 3 ქულით დაწინაურდნენ. გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავად ითამაშა ანი მაისურაძემ, ელისო გიგინეიშვილმა, ქეთი მოდებაძემ, დარეჯან წიქორიძემ… მთლიანად რუსთაველთა გუნდმა. რუსთაველებმა გამარჯვებისთვის საჭირო უპირატესობა მოიპოვეს და ჩემპიონობამდე მივიდნენ.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. რუსთაველები მედლებით, სიგელებით და საჩემპიონო თასით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
მესამე ადგილისთვის გაიმართა მატჩი ქუთაისში, სადაც ერთმანეთს ქუთაისისა და ახმეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. ბრინჯაოს მედლები მასპინძლებმა მოიპოვეს, რომლებმაც “ახმეტა” 77:71 დაამარცხეს.
მე-3 ადგილი
ქუთაისი – ახმეტა 77:71
ფინალი
რუსთავი – ნაკრები 64:60