რუსთავმა კალათბურთის ზეიმს უმასპინძლა
დღეს რუსთავის საკალათბურთო დარბაზმა სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ასეთი შეხვედრა ამ ქალაქში პირველად ჩატარდა, რამაც ბუნებრივია უდიდესი ინტერესი გამოიწვია და რუსთაველმა გულშემატკივარმაც დარბაზი ბოლომდე გაავსო.
მოსულ მაყურებელს არ უნანია, ვინაიდან სანახაობრივი შეხვედრის გარდა იყო ძალიან საინტერესო კონკურსები, უკრავდა ჯგუფი “ჰენგოვერი”. შესვენებების დროს კი მაყურებელს საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრების გოგონები ართობდნენ.
როგორც ასეთ შეხვედრებს სჩვევია, მოთამაშეები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ დაცვას, რამაც უმარავი ეფექტური ჩატენვა თუ შორეული ბურთი აჩუქა შეკრებილ გულშემატკივარს.
ქართული “ოლსტარში” ირაკლი ხოშტარიამ კოტე ტუღიშის გუნდი 139-118 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდში გამორჩეულები ლეგიონერები იყვნენ. ჯერემი საიმონსმა 34 ქულა მოიპოვა და გარდა ამისა ჩატენვების კონკურსშიც გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი სტევან მილოშევიჩი გახდა 29 ქულითა და 17 მოხსნით. ტუღუშის გუნდში “არმიელი” ჯგერენაია გამოირჩეოდა, რომელმაც რამოდენიმე ძალიან ეფექტური მომენტით დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჩატენვების კონკურსში “სოხუმელმა” საიმონსმა გაიმარჯვა. ფინალში ამერიკელმა “ქუთაისის” ცენტრი აკაკი დვალიშვილი დაამარცხა. სამქულიანების კონკურსის ტრიუმფატორი “სოხუმელი” გრიგოლ შვანგირაძე გახდა, რომელმაც ფინალში ამ ტიტულის შარშანდელი მფლობელი გიორგი ბარბაქაძეს მოუგო.
მატჩის დასრულების შემდეგ კომპანია ევროპა-ბეთმა გამარჯვებულ კალათბურთელებს ფულადი პრიზები გადასცა.